დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა! ეს კი საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროა.
ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ამ წონაში გრიგალაშვილი და ბელგიელი მატიას კასე შეხვდნენ. 2021 წელს მეტოქემ მოიგო, შარშან ქართველმა ძიუდოსტმა, ხოლო ამჯერად ისევ ტატომ იმარჯვა.
გრიგალაშვილმა კასე აშკარად დაჯაბნა და ბრწყინვალე გდებით, რომელიც ვაზარით შეფასდა, დაამარცხა. ამრიგად, გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და საერთოდაც: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია! 1979 და 1981 წლებში თემურ ხუბულური გახდა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
ფინალამდე გრიგალაშვილმა მაროკოელი აშრაფ მოუტი იპონით იოლად დაამარცხა, შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკ შოდმონ რიზოევსაც ადვილად აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში დამატებით დროში ოქროს ქულით ავსტრიელ ვაჩიდ ბორჩაშვილს მოუგო. ნახევარფინალში ტატომ გაიბრწყინა და წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით სამხრეთკორეელი იონვან ლი დაამარცხა.
დღესვე ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ეთერ ასკილაშვილმა, მაგრამ პირველივე წრეში ანგოლელ დიასონემა მუჩუნგუისთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს დაეუფლა. 11 მაისს, 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.