ჯირო დ’იტალიას მეორე ეტაპი იტალიელი ჯონათან მილანის (ბაჰრეინ ვიქტოიოუს) გამარჯვებით დასრულდა. მან კარიერაში პირველად მოიგო ველომარათონის ეტაპი, რომელიც სპრინტერული პაექრობით დასრულდა.
ბოლო სწორი მონაკვეთი 1-კილომეტრიანი იყო. მასზე დიდი ჯგუფი შევიდა, რომელშიც ყველა გუნდი თავისი ლიდერის საუკეთესო პოზიციაზე გაყვანას ცდილობდა. მილანმა ამ დომხალში ყველაზე უკეთ იმუშავა - მეტოქეების უკან ძალებს გაუფრთხილდა და გადამწყვეტი შეტევა, ფინიშამდე 100 მეტრით ადრე წამოიწყო.
„ეს რაღაც განსაკუთრებულია. გუშინ ჩემი ფეხები გამოვცადე. მინდოდა, სპრინტში ბედი მეცადა. თანაგუნდელებმა კარგ პოზიციაზე გამოიყვანეს. ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა ჯიროზე. სიტყვები არ მყოფნის“, - განაცხადა 22 წლის ველომრბოლმა.
მეორე ადგილი „არკეა-სამსიჩის“ ჰოლანდიელმა დავიდ დეკერმა დაიკავა, მესამეზე კი „ალპესინ-დესონინკის“ ავსტრალიელი კეიდენ გროვსი გავიდა.
ფინიშამდე 4 კილომეტრით ადრე, ჯგუფში შეჯახება მოხდა. ამ ჯგუფში მალია როსა რემკო ევენეპოელიც იყო, მაგრამ ის წაქცევას გადაურჩა და ლიდერის მაისურიც იოლად შეინარჩუნა. ის კვლავ 22 წამს უგებს მეორეზე მყოფ იტალიელ ფილიპო განას.ჯონათან მილანი,