დღეს სტარტი აიღო ჯირო დ’იტალიამ, რომლის პირველი ეტაპი - დროზე ინდივიდუალური რბოლა, ბელგიელმა ფავორიტმა, რემკო ევენეპოელმა მოიგო.
19.6-კილომეტრიანი რბოლა, ჯიროს ისტორიაში, ყველაზე გრძელი დროზე ინდივიდუალური გახსნითი ეტაპი იყო, რომლის ძირითადი ნაწილი სწორ გზაზე გადიოდა, ბოლო კილომეტრებზე კი აღმართებიც იყო გასავლელი.
კარგ ფორმაში მყოფმა ევენეპოელმა (სუდალ-ქვიკ-სტეპი) თავიდანვე კარგი ტემპი აკრიფა და შუა გზაზე, უახლოეს მდევარს 21 წამს უგებდა. საბოლოოდ, მან 22 წამი მოუგო იტალიელ ფილიპო განას, მესამეზე კი პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა გავიდა, ვინც განას შვიდი წამით ჩამორჩა.
„ძალიან მიხარია. სტარტიდანვე ვგრძნობდი, რომ კარგი ტემპი მქონდა და მის ბოლმდე შენარჩუნებას ვეცადე“, - განაცხადა პირველი „მალია როსას“ (ლიდერის ვარდისფერი მაისური) მფლობელმა.
მხოლოდ მეექვსე დროს დასჯერდა კიდევ ერთი ფავორიტი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა), ვინც ევენეპოელს 43 წამით ჩამორჩა.