იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ კონკურენტი „სპეცია“ დაამარცხა, რის შედეგადაც ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი გაუჩნდა.
კრემონელებმა დანიელ ჩოფანისა და იოჰან ვასკესის გატანილი გოლებით 2:0 მოიგეს. შედეგად, 24 ქულა დააგროვეს და ჯერ ისევ მე-19 ადგილზე არიან, მაგრამ იმავე „სპეციას“, რომელიც მე-17 პოზიციაზეა, რაც სამშვიდობო ზონაა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, წინ კი 4 ტურია.
ამის ფონზე უფრო მეტად გულდასაწყვეტია ის, რომ „კრემონეზე“ წინა ორ ტურში „ვერონას“ და „მილანს“ ამარცხებდა, მაგრამ მხოლოდ ფრეებს დასჯერდა, არადა, ანგარიში რომ შეენარჩუნებინა, ახლა ბევრად კარგ პოზიციაში იქნებოდა.
ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. ქართველი მცველი კარგ ფორმაში შევიდა, საუკეთესო კი მასპინძელთა მეკარე მარკო კარნეზეკი იყო, რომელმაც 8 სეივი მიითვალა.
„კრემონეზე“ მომდევნო ტურში 14 მაისს, ტურინში „იუვენტუსს“ ეთამაშება. ზოგადად, დავიდე ბალარდინის გუნდს იოლი კალენდარი არ აქვს, რადგან „იუვეს“ გარდა, „ბოლონიას“, „ლაციოს“ და „სალერნიტანას“ უნდა დაუპირისპირდეს.