შაბათს სტარტს აიღებს სეზონის პირველი ველომარათონი, 106-ე ჯირო დ’იტალია (იტალიის წრე). მიმომხილველთა აზრით, მისი ფავორიტები, ბელგიელი რემკო ევენეპოელი და სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი იქნებიან. ამ ორმა გასულ სეზონში, ვუელტა ესპანიაზეც იბრძოლა, მაგრამ როგლიჩი მე-16 ეტაპზე ასპარეზობას გამოეთიშა. ახლა კი მათი პაექრობის განახლებაა მოსალოდნელი.
წლევანდელი ჯიროს მონაწილეებს სულ 3 489 კილომეტრი ექნებათ გასავლელი. აღმართების ჯამური სიმაღლე 51 000 მეტრია. სულ კი სამ კვირაში, ხუთი ურთულესი სამთო ეტაპია დაგეგმილი.
23 წლის ევენეპოელმა (სუდალ-ქვიკ-სტეპი) ჯიროზე პირველად 2021 წელს იასპარეზა. ის ამ სეზნში კარგ ფორმაშია და ამის დასტურად, ახლახანს ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის კლასიკური რბოლა მოიგო.
ჯიროს პირველ ცხრა ეტაპზე, ორი დროზე რბოლაა, რომლებიც სწორ, უაღმართო გზაზე ჩატარდება. ასეთ რბოლებში როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) უპირატესობის მოპოვებას ეცდება. მაგრამ ეს თუნდაც შეძლოს, მთებში უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდება.
როგლიჩს 2019 წლის ჯიროზე მესამე ადგილი აქვს დაკავებული. ვუელტაზე შარშანდელი ავარიის შემდეგ, მას გამოჯანმრთელება გაუჭიანურდა, თუმცა ამის მიუხედავად, ტირენო-ადრიატიკოზე გამოიჩინა თავი, სადაც სამი ეტაპი და თავად რბოლაც მოიგო. ის ამბობს, რომ წლევანდელ ჯიროზე გადამწყვეტი იქნება მე-20 ეტაპი, რომელიც 18-კილომეტრიანი დროზე რბოლაა. სხვათა შორის, ეს რბოლა სლოვენიის საზღვართან, როგლიჩის სახლის სიახლოვეს გაიმართება.
ამ ორის გარდა, არაერთ სხვა მრბოლსაც აქვს ჯიროს მოგების უნარი. მათ შორის არიან „ინეოს გრენადერსის“ ბრიტანელი ტაო გეოგეგან ჰარტი, ვისაც ჯირო 2020 წელს აქვს მოგებული და მისი თანამემამულე თანაგუნდელი, ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი გერეინ თომასი. კვარცხლბეკისთვის იბრძოლებენ პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა (UAE ტიმ ემირატსი) და ფრანგი ტიბო პინო (გრუპამა-FDJ), ვისთვისაც ეს ბოლო ჯირო იქნება.