„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა „კაენთან“ მატჩის წინ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველს გუნდთან ადაპტირება არ გასჭირვებია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ძალიან მოუმატა.
„ვფიქრობ, მან ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ აგვისტოში მოვიდა და ადვილი არ იყო. თავიდანვე გოლი გაიტანა „დიჟონთან“, აგრესიულად ითამაშა. როდესაც ბურთს ფლობს, ყოველთვის საინტერესოდ მოქმედება შეუძლია. შემდეგ არსებობდა ეჭვები, მარცხნივ უკეთესი იყო თუ მარჯვნივ, ფიზიკურადაც მერე გაუჭირდა, მაგრამ ბოლო დროს კარგად ათამაშდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის ძალიან კარგად, ეს ჩანს ტემპის ცვლილებაშიც. როგორც მას ავუხსენი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარჯვენა ფლანგიდან უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნა შეუძლია, ვიდრე მარცხნიდან, ამიტომ, მარჯვენა ფლანგზე უფრო სახიფათოა, რადგან შეუძლია როგორც მოედნის შიგნით, ისე გარეთ იმოძრაოს ან კარში დაარტყას. ჩვენთან მასთან ყოველთვის ახლოს ვართ და ვცდილობთ გუნდის პროფილთან მოვარგოთ“, - თქვა გიონმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 27 მატჩში თავი 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. „ბორდო“ – „კაენის“ შეხვედრა 6 მაისს გაიმართება.