სხვა

23:48 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბანიაიამ ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო

„დუკატის“ იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ, ხერესის ტრეკზე, KTM-ის სამხრეთაფრიკელ ბრედ ბინდერთან უშუალო პაექრობაში, ესპანეთის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ბინდერის ავსტრალიელმა თანაგუნდელმა ჯეკ მილერმა.

რბოლა ლიდერის რანგში ჩაატარა იტალიელმა მარკო ბეზეკიმ, ვინც ფინიშამდე 7 წრით ადრე დაეცა. ცხრილში წინ წაიწია ბინდერმაც, ვინც სამი პოზიციით, მესამე ადგილამდე დაწინაურდა. სეზონის პირველი ოთხი ეტაპის შემდეგ, ბანიაია ბეზეკის 22 ქულას უგებს. ბინდერს კი მეორე ადგილამდე სამი ქულა უკლია.

KTM-ის ორმა მრბოლმა კარგი სტარტი აიღო. ბინდერს შაბათის სპრინტი ჰქონდა მოგებული. მილერმა კი მას პირველ მოსახვევში შეასწრო. მაგრამ პირველივე წრეზე, ავარია მოუვიდათ „იამაჰას“ ფრანგ ფაბიო კვარტარაროს და „RNF რეისინგის“ პორტუგალიელ მიგელ ოლივეირას, რის გამოც, ტრასაზე წითელი დროშები გამოიფინა.

ოლივეირასთვის ეს მეორე ინციდენტი იყო. პირველი მარკ მარკესთან, პორტუგალიაში რბოლისას შეემთხვა. რესტარტზე კარგი ტემპი აკრიფა ბინდერმა, ვინც მილერიც და ბანიაიაც ჩამოიტოვა. ამ ორს უშეღავათო პაექრობა ჰქონდა. იტალიელმა ერთხელ გასწრება შეძლო, მაგრამ მსაჯებმა აგრესიული მანევრი არ აპატიეს და პოზიცია დაათმობინეს. მერე კი ავსტრალიელი შეცდა და ეს ბანიაიამ კარგად გამოიყენა.

ფინიშამდე სამი წრე რჩებოდა, როცა მსოფლიო ჩემპიონმა ბინდერის ჩამოტოვებაც მოახერხა. ამან ლიდერის პოზიციის დასაბრუნებლად იბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ.

0.115679