„ვალენსიამ“ ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალიადოლიდი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ვინძლო, რა მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.
რუბენ ბარახას გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე მოგება, რის შედეგადაც, როგორც იქნა, გასავარდნი ზონა დატოვა. „ღამურებისთვის“ თამაში ცუდად დაიწყო: მე-6 წუთზე მუხტარ დიახაბიმ უხეში შეცდომა დაუშვა და კაილ ლარინი გიორგი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, კანადელმაც ანგარიში გახსნა.
მასპინძლებს მთელი პირველი ტაიმი არაფერი გამოსდიოდათ და უიმედო ვითარებაც იყო, მაგრამ მეორე ტაიმში „ვალენსია“ გარდაიქმნა. მე-60 წუთზე დიახაბიმ შეცდომა გამოისყიდა და წონასწორობა აღადგინა. ამ მომენტში უკვე „ვალიადოლიდის“ მეკარე ხორდი მასიპი შეცდა, რომელსაც ეგონა, რომ ბურთი კარს სცდებოდა და გადაწყვიტა ბურთს არ შეხებოდა, მაგრამ გოლი გავიდა. „ლოს ჩეს“ 19 წლის ხავი გერამ მოაგებინა, რომელსაც აქამდე სულ 54 წუთი ჰქონდა მთავარ გუნდში ნათამაშები, დღესაც მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ტექნიკურად ითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი, თანაც უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, გოლში ბრალი არ მიუძღვის, ერთი დარტყმა იოლად მოიგერია, ერთხელ მისი კარი ხარიხამ გადაარჩინა. „ვალენსიამ“ 33 ქულით მე-16 ადგილზე აინაცვლა და მომდევნო ტურში 30 აპრილს, უშუალო კონკურენტ „კადისს“ ესტუმრება, რომელსაც ერთი ქულით უსწრებს.