„ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 24 საათით გვიან გაიმართება, ვიდრე აქამდე დაგეგმილი იყო. Lega-სთან შეთანხმებით, სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მატჩი 29 აპრილის მაგივრად, 30 აპრილს გაიმართოს, თბილისის დროით 17:00 საათზე.
„ნაპოლი“ შეიძლება ამ ტურში ჩემპიონი გახდეს, თავის მატჩს თუ მოიგებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ დაამარცხებს. კალენდრის მიხედვით, ჯერ „ნაპოლის“ უნდა ეთამაშა, მერე კი „ლაციოს“, მაგრამ ახლა პირიქით იქნება: ჯერ რომაული გუნდი ითამაშებს მილანში, ამ მატჩის დასრულებიდან ნახევარ საათში კი „ნაპოლის“ შეხვედრა დაიწყება.
ამრიგად, „ნაპოლის“ მატჩამდე ეცოდინება, გამარჯვების შემთხვევაში 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს გაიფორმებს თუ არა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლისთვის“ 33-ე ტურის მატჩის თარიღის შეცვლის აუცილებლობაც გახდა. „უდინეზესთან“ ლუჩანო სპალეტის გუნდს 2 მაისს უნდა ეთამაშა, მაგრამ მას მერე, რაც „სალერნიტანასთან“ შეხვედრა 24 საათით გადაიდო, უდინეში საგარეო მატჩიც გადაიწევს და სავარაუდოდ, 2 მაისის ნაცვლად, 4 მაისს გაიმართება.