ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ „ნაპოლის“ შესახებ Gazzetta Dello Sport-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლუჩანო სპალეტის გუნდზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც მან თქვა, წინა ორ სკუდეტოში დიეგო მარადონას წვლილი დიდი იყო, ამჯერად კი „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა პირველ რიგში გუნდურობით მოახერხა.
„ეს სრულიად განსხვავებული ტიტულია წინა ტიტულებთან შედარებით. „ნაპოლიმ“ დამსახურებულად მოიგო, რაც ასევე კარგია იტალიური ფეხბურთისთვის. სპალეტის გუნდის დომინანტობამ სხვა კლუბები აიძულა სხვადასხვა მიზნებზე მოეხდინათ ფოკუსირება. შედეგად, ევროთასების ნახევარფინალებში 5 იტალიური გუნდია. ეს კარგია ფეხბურთისთვის. მახსენდება მაგალითად „სევილია“: ბოლო წლებში მათ არ შეეძლოთ ლა ლიგის მოგება და ამიტომ, კონცენტრაცია ევროპა ლიგაზე გააკეთეს და საერთაშორისო პრესტიჟი მოიპოვეს.
წინა ორი სკუდეტო „ნაპოლის“ ისტორიაში უნიკალურია იმ მხრივ, რომ დიეგო მარადონასთან ასოცირდება. მან ფანტასტიკური ისტორია დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ოტავიო ბიანკისა და ალბერტო ბიგონსაც კარგი გუნდები ჰყავდათ, მარადონას ყოფნა იმ გუნდისთვის მაგნიტური იყო. ამ სკუდეტოს კი ბევრი სახე აქვს, უპირველესი დამსახურება კი სპალეტის ეკუთვნის.
კვარაცხელიას და ოსიმენის წვლილი, როგორც მარადონას წვლილი წინა ჩემპიონობაში? ნებისმიერი შედარება მკრეხელობა მგონია. ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ჩემპიონატი „ნაპოლიმ“ იმიტომ, მოიგო, რომ მწვრთნელმა შექმნა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელსაც განსაკუთრებული სტაბილურობა ჰქონდა. ოსიმენი და კვარა ტურინში ნაკლებად ბრწყინავდნენ, მაგრამ თამაშის ბედი ელმასმა და რასპადორიმ გადაწყვიტეს, ისე, როგორც სხვა მატჩებში სიმეონემ და სხვებმა. „იუვესთან“ გამარჯვება ბეჭედი იყო, იმიტომ, რომ სკუდეტოს ბედი ყოველთვის ტურინში გადის, სიმბოლური ადგილია.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებასთანაც ახლოს იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის გარეშე შეხვდა „მილანთან“ მატჩს, ზოგი ფორმაში არ იყო და გადამწყვეტ ეპიზოდებშიც არ გაუმართლა. ისიც უნდა ითქვას, რომ „მილანი“ ერთადერთი გუნდია, ვინც გაერკვა, როგორ უნდა მიეყენებინა ზიანი „ნაპოლისთვის“.
სპალეტიმ გუნდს შესანიშნავი თამაშის სტილი და გუნდური ბალანსი შესძინა. ისინი არა მარტო თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ, არამედ ეფექტურები და გამარჯვებულები არიან. მან იმას მიაღწია, რისიც შესაძლოა თავიდან თვითონაც არ სჯეროდა. მახსოვს, ლუჩანოს პირველი პრესკონფერენციები, როდესაც კულიბალის და სხვა ფეხბურთელების დაკარგვით დამწუხრებული იყო. თუმცა მან განსაკუთრებული მექანიზმი შექმნა, რადგან თუ შენ ცდილობ ლოტობკას შეზღუდვას, განაპირა მცველები იწევენ შუაში და შეტევას იწყებენ. ორივე ცენტრალურ მცველს თუ აპრესინგებ, ანგისა იხევს უკან თამაშის კონსტრუქციისთვის, კვარას ორმაგი მეურვეობით ეთამაშები და სივრცეებს ზიელინსკის უტოვებ. ამიტომაც აქვს „ნაპოლის“ სკუდეტოს მრავალი სახე, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბოლო წლებში კლუბს პროგრესული ზრდა ჰქონდა, სარის წყალობით კლუბმა შექმნა კარგი თამაში დნმ, გააგრძელა გატუზოსთან ერთად და ახლა წრე სპალეტიმ შეკრა.
ბოლო პერიოდში დე ლაურენტისიც შეიცვალა. მანამდე ის პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე ფიქრობდა, რათა კლუბი გარკვეულ დონეზე შეენარჩუნებინა, ახლა ხვდება, რომ გამარჯვება სასიამოვნოა. სხვა სკუდეტოებთან განსხვავება ისაა, რომ ტიტულის მოსაპოვებლად 33 წელი მოგვიწია ლოდინი, მაგრამ ამჯერად 30 წლის ლოდინი არ მოგვიწევს, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც ვინმეს წასვლის შემთხვევაშიც კი შეძლებს გამარჯვების გაგრძელებას“, - თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ნეაპოლში დაიბადა და „ნაპოლის“ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, როდესაც „აძურიმ“ ბოლოს იტალიის ჩემპიონატი მოიგო, 1992-1995 წლებში კი მთავარ გუნდში თამაშობდა.