ლონდონის მარათონი კენიელმა კელვინ კიპტუმმა და ჰოლანდიელმა სიფან ჰასანმა მოიგეს. ამასთან, კიპტუმმა მამაკაცთა შორის ლონდონის მარათონის რეკორდული დრო დააფიქსირა - დისტანცია ორ სათში, ერთ წუთსა და 25 წამში გაირბინა და წინა რეკორდს დაახლოებით სამი წუთი მოაკლო.
23 წლის კიპტუმის დებიუტი მარათონულ დისტანციაზე შარშან, ვალენსიაში შედგა და მაშინ მან დებიუტანტების რეკორდი დაამყარა. ლონდონში ასპარეზობისას, მან შეტევა 30 კილომეტრის შემდეგ დაიწყო და მარათონის მსოფლიოს ყველა დროის მეორე საუკეთესო დროით გაიმარჯვა.
ფინიშის გადაკვეთის შემდეგ, ძალაგამოლეული ჩემპიონი წვიმით დასველებულ ასფალტზე დაეცა. აღსანიშნავია, რომ დისტანციის მეორე ნახევრის გარბენას მას საათი, 59 წუთი და 45 წამი მოანდომა. „ამ შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ. არც კი ვიცი, რა ვთქვა“, - განაცხადა კიპტუმმა.
ჰასანისთვის ეს პირველი მარათონი იყო. ის საშუალო დისტანციის მორბენალია და ბუნბრივია, დებიუტშივე ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. ის პარიზის ოლიმპიადაზე, მარათონზე გამოსვლას აპირებს და ლონდონში ასპარეზობა მისთვის ერთგვარი ვარჯიში იყო.
გარბენის დასაწყისში, 30 წლის ჰასანს, ვინც მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონია 5 000 და 10 000 მეტრზე, ეტყობოდა, რომ ტკივილს ებრძოდა. ის მცირე დროით გაჩერდა და დახმარება გაუწიეს. თუმცა დისტანციას მალევე დაუბრუნდა და ფინიში პირველმა გადაკვეთა. მან უკან მოიტოვა ლონდონის მარათონის მოქმედი ჩემპიონი, ეთიოპიელი იელამზერფ იეჰუალავი და მარათონში ოლიმპიური ჩემპიონი, კენიელი პერეს ჯეპჩირჩირი.
აღსანიშნავია, რომ ჰასანი ლიდერთა ჯგუფს, ფინიშამდე 6 კილომეტრით ადრე დაეწია. ფინიშის ხაზი კი ორ საათში, 18 წუთში და 34 წამში გადაკვეთა. ბოლო ას მეტრზე, მან სპრინტში, სამი წამით აჯობა ეთიოპიელ ალემუ მეგერტუს. ჯეპჩირჩირი კი მესამე ადგილს დასჯერდა.
ჰასანმა განაცხადა, რომ ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, შემდეგ კი ჩიკაგოს, ან ნიუ იორკის მარათონზე გამოსვლას გეგმავს.