რაგბი

14:06 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არწივები’ ფინალში გავიდა, ‘ტაო’ კი ბრძოლას აგრძელებს

‘არწივები’-‘არმიას’ შესარჩევ ფინალს ოზურგეთის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. გურულებს რეგულარულ სეზონში ყველა შეხვედრა ქონდათ მოგებული და პრინციპულ მეტოქესთან მოედნის უპირატესობით სარგებლობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ქომაგიც უხვად მოიზიდა. მეტოქეთა დამრიგებლების ტაქტიკურმა ორთაბრძოლამ ხიბლი და დაძაბულობა ბოლო წუთამდე შეინარჩუნა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘არწივების’ მხრიდან ლელოები ფიჯელმა მარბიელმა ჯოლამე ლივევოუმ და კვაჭმა გიორგი ბეჟანიძემ გაიტანეს, „არმიელთა“ მხრიდან კი თავი ლეგიონერებმა: მგეზავმა მერლინ პიტერსმა და შუამარბმა კინი დაგლასმა გამოიჩინეს. მასპინძელთა აფრიკელმა პივოტმა მარვინ ფრედერიკსმა 2 გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც მიაყოლა, რასაც ‘არმიას’ კაპიტან რამაზ ხარაზიშვილის იდენტური შედეგი მოჰყვა და პირველი ნახევარი ფრედ 17:17 დასრულდა.

მართალია, ‘არმია’ ხაზში უკეთ გამოიყურებოდა, ოვალს კარგად შლიდა და სახიფათოდ უტევდა, თუმცა მატჩის გადამწყვეტ ფაქტორად ‘არწივების’ მიერ სტატიკურ ფაზებში მოპოვებული უპირატესობა გამოდგა. გია ამირხანაშვილის ბიჭები დერეფანსა და მოლში მძალვრობდნენ და სტუმრებს ულელოო მეორე ტაიმში ხშირად აჯარიმებდნენ, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

აღნიშნული გარემოებით ფრედერიკსმა კარგად ისარგებლა და მეტოქე ხარაზიშვილზე 2-ჯერ მეტი, 4 ჯარიმა გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე ‘არმიამ’ დამაგვირგვინებელი იერიშის განხორციელება სცადა, თუმცა გურულებმა ლევან ობოლაძის შეგირდებს მისსავე 22-იანიდან გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ‘არწივებმა’ დაძაბულ ბრძოლაში 29:23 იმარჯვა და ლიგის დიდ ფინალს პირველმა უწია. ‘არმია’ კი სატიტულო შეხვედრაში თამაშის უფლების მოპოვებას მომავალ უქმეებზე გასამართ წინასწარ ფინალში ეცდება.

‘არმაზი’-‘ტაოს’ გასავარდნი ფინალი ვაზისუბანში, ქვემო ქართლელთა არენაზე გაიმართა. ‘არმაზი’, სეზონში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო მოედნის უპირატესობით სარგებლობდა. რეგულარული სეზონში, მეტოქეთა პირველი რკენა ლიანგური ჩხუბის გამო ჩაიშალა და მატჩი სრკ-ს ტრიბუნალმა გააუქმა. მეორე წრეში კი არმაზმა’ მესხებს 26-ქულიანი უპირატესობა გაუბათილა და წარმოუდგენელი ქამბექით, 3 ქულის სხვაობით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გასავარდ ფინალში როგორც გუნდების, ასევე ქომაგის ქცევა სანიმუშო გახლდათ და მატჩზე დამსწრე საზოგადოებამ უაღრესად დაძაბული და უხვქულიანი შეხვედრა იხილა.

მატჩის საწყისი ნახევარი საათი ‘არმაზის’ უპირატესობით წარიმართა. ჩინებულად ირჯებოდა ‘არმაზის’ გამოცდილი მგეზავი ბახვა კობახიძე, ვინაც ფეხით ეფექტური თამაშითა და გააზრებული გადაცემებით მესხებს დიდი პრობლემები შეუქმნა. ქვემო ქართლელები 3 გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ, რის შემდგომ ‘ტაოს’ ხაზი ჩვეულ რიტმში ამოქმედდა და ფიჯელი მგეზავის ლილო ვეისეივალუსა და კვაჭ თამაზ კილაძის დადებული ლელოების შედეგად მასპინძელთა უპირატესობა შესვენების წინ 2 ქულამდე შემცირდა.

მეორე ტაიმის დებიუტში კობახიძის გატანილ ჯარიმას, სტუმართა მიჯრით 4 დადებული ლელო მოჰყვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეორე ნახევარში პრაქტიკულად შეუჩერებელი ‘ტაოს’ ფიჯელი მარბიელი რატუ ნაკიკას საუცხოო თამაში. ‘არმაზი’ ბოლომდე იბრძოდა, მთლიანობაში მეტოქეზე 1-ით ნაკლები, 6 ლელო გაიტანა, რაც საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს მასპინძელთა ფრთა გურამ მოდებაძემ „დუბლი“ შეასრულა და ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ 2 წუთში შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხა. დრამატული შეხვედრა ‘ტაომ’ 45:43 მოიგო და წინასწარ ფინალში გავიდა.

მომავალ უქმეებზე ‘არმია’-ტაოს’ წინასწარი ფინალი გაიმართება, სადაც „არმიელები“ მოედნის უპირატესობით ისაგებლებენ. აღნიშნულ წყვილში წარმატებული გუნდი დიდ ფინალში ‘არწივებს’ დაუპირისპირდება. ლიგის გამარჯვებული დიდ-10-ში აინაცვლებს, ფინალში ხელმოცარული გუნდი კი ელიტაში მოხვედრას ‘აკადემიასთან’ 2-მატჩა დუელში ეცდება.

RUGBY.GE

0.114522