მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა სვიატეკმა, შტუტგარტის ღია პირველობის ფინალში, 6-3, 6-4 მოუგო ბელარუს არინა საბალენკას და ზედიზედ მეორედ მოიგო ამ ტურნირის მთავარი პრიზი - „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილი.
პოლონელი ტრავმული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა კორტს და პირველივე ტურნირზე დაადასტურა, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე, რომლის მოქმედი ჩემპიონიცაა, ფავორიტი იქნება.
პოლონელმა და მსოფლიოს მეორე ჩოგანმა საბალენკამ თამაში აგრესიულად დაიწყეს. 4-3-ზე სვიატეკმა მეორე ბრეიკ პოინტი მოიპოვა, რომელიც ქულად აქცია და 5-3 დაწინაურდა. მომდევნო გეიმში, მან პირველი სეტ პოინტი გააცუდა, თუმცა მეორე შანსი კარგად გამოიყენა და სეტებში დაწინაურდა.
სვიატეკმა მომდევნო სეტის პირველივე გეიმში, კიდევ ერთხელ მიაღწია ბრეიკს. ბელარუსმა შეცდომებს უხშირა, თუმცა ამის შემდეგ, მეტოქისთვის თავის მოწოდებაზე გეიმი აღარ დაუთმია.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რადგან ეს ყველასთვის ძალიან ინტენსიური დრო იყო. მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. აქ აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ეს ტურნირი ძალიან მომწონს“, - განაცხადა სვიატეკმა.
საინტერესოა, რომ მან შარშანაც ფინალში სწორდ საბალენკა დაამარცხა, ვინც შტუტგარტში ზედიზედ მესამე ფინალი წააგო.