„ნაპოლი“ და სკუდეტო პრაქტიკულად გაფორმებულია, იქამდე უკვე არაფერი რჩება, გარდა, 1-2 ტურისა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს 31-ე ტურში „იუვენტუსიც“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, სრულად დაივიწყა.
„ნაპოლისთვის“ „იუვენტუსთან“ მოგება, თან ტურინში, არასდროს არის ტრივიალური, მით უფრო ახლა, ასეთ ისტორიულ სეზონში. სხვათა შორის, „აძურიმ“ „ბებერი ქალბატონი“ სეზონში ორჯერ სულ რაღაც მეოთხედ დაამარცხა მთელ ისტორიაში...
„იუვენტუსმა“ კი სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯერ მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ მაქს ალეგრის გუნდი ცუდ ფორმაშია. არადა, „იუვე“ 90 წუთი კარგად იცავდა თავს, 2-3 მწვავე მომენტს თუ არ ჩათვლით, ნეაპოლელები განსაკუთრებულ პრობლემებს მეტოქეს ვერ უქმნიდნენ. აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერადაც ვერ გაიტანა გოლი და ვერც საგოლე პასი გააკეთა. ასეთი სერია უკვე 7 მატჩია გრძელდება, სანაკრებო პაუზის მერე. ხვიჩა 85-ე წუთზე შეცვალეს, ჯაკომო რასპადორიმ და სწორედ ის გახდა მატჩის გმირი.
იტალიელმა შემტევმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტურინელთა მარჯვენა ფლანგზე ჩავარდნით ისარგებლა და ვოიცეხ შჩესნის ერთი შეხებით გაუტანა. რასპადორიმ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ პირადად შემატა 4 ქულა! მან სულ მეორე გოლი გაიტანა „აძურის“ მაისურით სერია A-ში და ახლა ხომ მოაგებინა გუნდს, იგივე გააკეთა პირველ წრეში „სპეციასთან“, როცა 90-ე წუთზე შეაგდო და 1:0 მოაგებინა თანაგუნდელებს.
„ნაპოლის“ გოლამდე იყო „იუვენტუსის“ ორი გოლი, თუმცა არცერთი ჩაითვალა. მეორე ეჭვს არ იწვევდა, ბურთმა მოედნის ფარგლები მანამდე დატოვა, აი, პირველი გოლი, რომელიც ანხელ დი მარიამ გაიტანა, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დავა გაგრძელდება. მსაჯმა თავიდან გოლი ჩათვალა, მერე მომენტს უყურა და შეტევის დასაწყისში არკადიუშ მილიკის მხრიდან მეტად საეჭვო ჯარიმა დააფიქსირა.
ასეა თუ ისე, „ნაპოლიმ“ 1:0 მოიგო და 78 ქულა დააგროვა. ახლა ოფიციალურად გუნდს 5 ქულაც ეყოფა ჩემპიონობისთვის, მაგრამ ესეც უარეს შემთხვევაში, თუ „ლაციო“ დარჩენილ შვიდ ტურში ქულას არ დაკარგავს, რაც ძნელად დასაჯერებელია. მოკლედ, სპალეტის გუნდს ჩემპიონობამდე ხელს მხოლოდ დრო უშლის, რომელიც არცთუ ისე ბევრია.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ კი მომდევნო მატჩს 29 აპრილს, „სტადიო მარადონაზე“ „სალერნიტანასთან“ გამართავს. "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება მომდევნო ტურშივე შეუძლია, თუ თვითონ "სალერნიტანას" დაამარცხებს, ხოლო "ლაციო" სტუმრად "ინტერს" ვერ მოუგებს. ამის ალბათობა კი, საკმაოდ მაღალია!
„იუვენტუსი“ სერია A-ში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ 59 ქულით ჯერაც მესამე ადგილზეა, მაგრამ უკან კონკურენტებიც ახლოს ჰყავს, ასე რომ, ალეგრის გუნდს ქულების დაგროვებაზე ფიქრი და მუშაობა მართებს.
„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 რასპადორი (90)