ფეხბურთი

23:05 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი "გალათასარაისთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 31-ე ტურში საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუკი“ სტუმრად გათამაშების ლიდერ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა (3:3), არადა, ერთი ხანობა 3:1-საც იგებდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ნელ-ნელა ანდრეა პირლოს ნდობა მოიპოვა და ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო. საბამ 74-ე წუთამდე ითამაშა, თავის გუნდის ორ გოლში კი დიდი წვლილი შეიტანა.

26-ე წუთზე საბამ მეკარე ფერნანდო მუსლერას პასი ჩაჭრა და საგოლე გადაცემა მიითვალა, გოლი კი ფაბიო ბორინის აქტივშია. 4 წუთის შემდეგ ლობჟანიძის დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ბორინიმ დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა, რითაც ანგარიში 3:1 გახადა. თუმცა, ქართველის გუნდმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა.

მოგეხსენებათ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საბამ „ჰატაისპორი“ დატოვა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „კარაგუმრუკს“ შეუერთდა, რომლის მაისურით პირველი გოლი წინა ტურში გაიტანა, ახლა კი საგოლე პასი მიითვალა.

„კარაგუმრუკი“ 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 აპრილს, „ანტალიასპორს“ უმასპინძლებს.

0.138441