პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში თავის მესამე თამაშს საქართველოს დროით 22 აპრილს, 01:00 საათზე ბუენოს აირესში, ადგილობრივ ‘პამპასთან’ გამართავს.
ეს ერთადერთი თამაშია, რომელსაც ‘შავი ლომი’ ურუგვაის ფარგლებს გარეთ ჩაატარებს. გუნდი მონტევიდეოდან არგენტინაში გემით გადავიდა და მასპინძლებს „დეპორტივა ფრანცესას“ სტადიონზე ერკინება.
სამი თასი ხუთ წელიწადში
ჩვენი მომავალი მეტოქე, არგენტინული ფრენჩაიზი 2010 წელს დაარსდა და სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში, „ვოდაკომის თასის“ მეორე დივიზიონში ჩაერთო, იქ სადაც შარშან ‘შავი ლომი’ თამაშობდა. გუნდი სრულად იყო დაკომპლექტებული არგენტინის სანაკრებო სივრცის მოთამაშეებით და ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრებად მოიხსენიებოდა.
2011 წელს ‘პამპასმა’ „ვოდაკომის თასის“ ყველა შეხვედრა მოიგო, ფინალში ‘ბლუ ბულსი’ დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც არგენტინულმა გუნდმა პროფესიონალურ შეჯიბრში მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მექულე ხუან იმჰოფი გახდა. 2013 წლიდან ‘პამპასი’ „ვოდაკომის თასს“ დაემშვიდობა, 2014-2015 წლებში კი, გუნდმა წყნარი ოკეანის თასში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფიჯის, სამოას და ტონგას მეორე გუნდებთან ერთად, იაპონიისა და ავსტრალიის ახალგაზრდული გუნდებიც იყვნენ ჩართული.
‘პამპასმა’ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო – 2014 წელს ფინალში ავსტრალიის, ხოლო 2015 წელს ფიჯის გუნდი დაამარცხა, რის შემდეგაც დაიშალა და მისი აღდგენის გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს. ამერიკის სუპერ ლიგაში, ის ‘დოგოსთან’ ერთად არგენტინის ღირსებას იცავს.მიმდინარე ტურნირში მან 7-იდან 5 თამაში მოიგო, გაიტანა 204 ქულა და 27 ლელო, თავად კი 124 ქულა და 17 ლელო გაუშვა. აიღო ორი ბონუს ქულა ჯამში 11 ქულით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
‘პამპასმა’ ბრაზილიურ ‘კობრასს’ 41:21 აჯობა, ჩილეს ‘სელკნამთან’ 20:34 დამარცხდა, აშშ-ს ‘რეპტორსს’ 27:16 მოუგო, არგენტინული დერბი ‘დოგოსთან’ 11:29 დათმო, ბოლო სამ შეხვედრაში კი პარაგვაის ‘იაკარე’ 22:5, ურუგვაის ‘პენაროლი’ 20:19 და ‘რეპტორსი’ 63:0 დაამარცხა. არგენტინელები 28-ში ‘კობრასს’ მასპინძლობენ.
ნარიაშვილი არგენტინაში ბრუნდება!
‘შავი ლომი’ ტურნეს მესამე თამაშსაც როტაციით იწყებს. ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანს უბრუნდება ‘მონპელიეს’ ყოფილი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი. ის არგენტინელების წინააღმდეგ მოედანზე პირველივე წუთებიდან გადის. წინა თამაშის შემდეგ შეიცვალა მეორე ბურჯიც და ძირითადში ნიკა პატარაიას ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე კვლავ გამოცდილი შალვა მამუკაშვილი დგას.
ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელმაც ‘დოგოსის’ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილის ნაცვლად სასტარტოში დაწინაურდა ნიკო აფციაური, მიხეილ გაჩეჩილაძემ და ლუკა ივანიშვილმა კი ადგილი შეინარჩუნეს.
9 ნომრის პოზიციაზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს თენგიზ პერანიძე, მგეზავად კი ლუკა მატკავა ბრუნდება. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. ფრთაზე აკა ტაბუცაძის ნაცვლად თამაშს მირიან მოდებაძე იწყებს, მეორე ფრთა კი ოთარ ლაშხია.
მარქაფაში გადაინაცვლეს ბურჯებმა დათო აბდუშელიშვილმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე თენგიზ ზამთარაძეა, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და მესამეში სანდრო მამამთავრიშვილი. გიორგი მარგალიტაძე, თორნიკე კახოიძე და გიორგი ბაბუნაშვილი ხაზში გაგვაძლიერებენ. რადგან თამაში ამხანაგურია, განაცხადში კიდე ორი მორაგბე გვყავს და ‘პამპასის’ წინააღმდეგ ისინიც ითამაშებენ – თორნიკე აქუბარდია და გიგა ჯულუხაძე მეორე-მესამე ხაზში შევლენ.
შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ‘შავმა ლომმა’ არგენტინული ‘დოგოსი’ 75:19, ხოლო ჩილეს ‘სელკნამი’ 33:30 დაამარცხა.
სამხრეთ ამერიკული ტურნე 22 აპრილი. ბუენოს აირესი. დეპორტივა ფრანცესა 01:00 (საქ. დრო) შავი ლომი (საქართველო) – პამპასი (არგენტინა) შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა , 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19.მიხეილ ბაბუნაშვილი 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. თორნიკე აქუბარდია, 25. გიგა ჯულუხაძე.
RUGBY.GE