რაგბი

12:13 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | შეცვლილი შემადგენლობით ‘სელკნამთან’

სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ 14 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მონტევიდეოში, „ჩარუას“ სტადიონზე ამჯერად მისი მეტოქე ჩილეს ‘სელკნამი’ იქნება, რომლის 90% პრაქტიკულად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს.

‘სელკნამი’ სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგაში პირველივე გათამაშებიდან ჩაერთო, 2021 წელს რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში ურუგვაის’ პენაროლთან’ 14:17 დამარცხდა.

შარშან ჩილელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ნახევარფინალში კი არგენტინის ‘ხაგუარესს’ 16:10 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, იქ კი კვლავ ‘პენაროლთან’ დამარცხდნენ – 13:24.

მიმდინარე გათამაშებაში ‘სელკნამმა’ 6-იდან 2 თამაში მოიგო და 11 ქულით მე-5 ადგილზეა. მან გაიტანა 148 ქულა და 19 ლელო, თავად კი 140 ქულა და 18 ლელო მიიღო. ჩილელებმა პირველ ტურში 45:10 მოუგეს აშშ-ს ‘რეპტორსს’, ხოლო მეორე ტურში არგენტინულ ‘პამპასს’ 34:20 სძლია.

‘სელკნამმა’ მომდევნო 4 თამაში დათმო – არგენტინულ ‘დოგოსთან’ 10:24, ბრაზილიურ ‘კობრასთან’ 24:30, ‘პენაროლთან’ 24:35 და პარაგვაის ‘იაკარესთან’ 11:21.

შეცვლილი რაზმით

ტურნეს პირველ მატჩში არგენტინის ‘დოგოსის’ გადახალისებულმა შემადგენლობამ ‘ შავ ლომს’ ვერაფერი დაუპირისპირა და ქართველებმა 75:19 მოიგეს. რადგან ტურნეს მიზანი ნაკრების კანდიდატებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემაა, წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში 9 მოთამაშე შეიცვალა.

ხაზში ადგილი მხოლოდ 9 ნომერმა თენგიზ პერანიძემ შეინარჩუნა, რომელსაც მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ცენტრში ბრუნდებიან კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე, ფრთებზე კი სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე. ფულბეკის პოზიციაზე ვიხილავთ სოსო მათიაშვილს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ერთი კვირის წინ თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.

შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯი კვლავ დავით აბდუშელიშვილი იქნერბა. კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ნიკა ხატიაშვილია. მეორე ხაზში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი და მისი მეწყვილე მიხეილ ბაბუნაშვილი იქნება. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

რადგან მატჩი ამხანაგურია, განაცხადში ნორმაზე სამით მეტი. 26 მოთამაშეა. შერკინების ხაზში თენგიზ ზამთარაძეს, გოგა ქადარიას, გიორგი ჩხარტიშვილს, თორნიკე აქუბარდიას, ნიკო აფციაურს და გრიგორ ქერდიყოშვილს ვიხილავთ. ხაზში შეცვლაზე გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მირიან მოდებაძე, ლაშა ხმალაძე და ოთარ ლაშხი შევლენ.

სამხრეთ ამერიკული ტურნე 14 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა. 22:00 (საქ. დრო) შავი ლომი (საქართველო) – სელკნამი (ჩილე) შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. ლაშა ხმალაძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. ოთარ ლაშხი.

RUGBY.GE

0.119433