ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში ლიდერმა ‘ლელომ’ მიჯრით მეორე შეხვედრაში მეტოქე სამატჩო ქულების გარეშე დატოვა. პირველობის განახლებიდან ჩემპიონი ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამივე შეხვედრა პრემიით მოიგო და მდევარ ‘ხვამლს’ უკვე 8 ქულით გაუსწრო. მართალია, მუხიანელებმა ლიდერის მსგავსად ჩემპიონატში მე-10 გამარჯვება იზეიმეს, თუმცა რატი ურუშაძის ბიჭები შეხვედრებს ბონუს-ქულის გარეშე იგებენ.
‘ბათუმი’ მესამე ადგილზე დამკვიდრდა და ‘ხვამლს’ კვლავინდებურად 6 ქულით ჩამორჩება. სეზონში მეოთხე მარცხმა ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ მეოთხე პოზიციაზე დატოვა და აჭარლებს 3 ქულით დააშორა. ‘აკადემიამ’ მეხუთე ადგილი გაიმყარა და პლეი ოფში თამაში თითქმის გაინაღდა. ნუგეშ-ქულამ ‘კოლხი რაინდები’ პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე დატოვა. კოლხები, მდევარ ‘არმიას’ 1 ქულით, ხოლო ბოლოადგილოსან მარნეულის ‘არმაზს’ 5 ქულით უსწრებენ.
მე-11 ტურში პირველობის ლიდერი ‘ლელო’ ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრა და აუტსაიდერი უშანსოდ დატოვა. ‘არმაზმა’ მხოლოდ პირველ ნახევარში მოახერხა გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა და ჩემპიონი 12-ქულიან უპირატესობას დააჯერა. ‘ლელო’, კვაჭ დავით არჩვაძის მოლით დადებული ლელოთი დაწინაურდა, რასაც ფულბეკ გიგი სირბილაძის გატანილი ლელო მოჰყვა. სირბილაძემ მთლიანობაში 4 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში ‘ლელომ’ სისწრაფეს უმატა და ჩემპიონის უპირატესობაც თვალშისაცემი გახდა. სისწრაფეზე, ოვალის დროული გაშლითა და უპირატესად ხაზის მოთამაშეთა ჩაუქობით ლიდერმა კიდევ 6 უპასუხო ლელო მიითვალა. არჩვაძემ „დუბლი“ შეასრულა. წყვილი ლელოს გატანა ფრთა გურამ გარშაულაშვილმაც მოახერხა. ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება კი მარქაფადან ჩართული ფრთის დიმიტრი ჩხეიძის ლელომ დააფიქსირა – 50:0.
ტურის გამორჩეული შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ცხრილში ტოლ-სწორად მყოფ ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა, რომლის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის დებიუტში მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს. მასპინძელთა მგეზავ გიორგი ბერაძის გატანილ ჯარიმას, რიონისპირელთა ჰავბეკმა და კაპიტანმა თეიმურაზ ძოძუაშვილმა საპასუხო ჯარიმა შეაგება. აჭარელთა ხაზი შესვენებამდე უკეთ ირჯებოდა და მხტომელ ალეკო ვაშაკიძის გარდასახული ლელოთი ‘ბათუმი’ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ტაიმის დებიუტში გიორგი სვინტრაძის ბიჭებმა, ფრთა მურმან ყურშუბაძის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში სხვაობა გაიღრმავეს, რის შემდგომ სტუმართა მორკინალები აქტიურად და შედეგიანად ათამაშდნენ. ‘აიას’ კვაჭმა ილია ჯანგავაძემ და მღლეტელმა ლუკა ნარსიამ, კარგად ჩამოყალიბებული მოლით მიჯრით 2 ლელო გაიტანეს და ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა მეტად მონდომებულმა მასპინძლებმა პრაქტიკულად ბოლო შეტევაში გასატანი ჯარიმა გამოიმუშავეს. ბათუმელთა შუამარბმა ანრი დევაძემ ოვალი ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 18:15.
ასევე დიდი ბრძოლითა და დრამატული ფინალით გამოირჩა „პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდებისა’ და ‘აკადემიას’ შეხვედრა. კოლხები პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას „ოქროს“ ფასი აქვს. პირველი ტაიმი „მხატვრებმა“ კვაჭ გიორგი აღნიაშვილის შესრულებული „დუბლით“ 4-ქულიანი სხვაობით მოიგეს. ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭები სტატიკაში უპირატესობას ფლობდნენ, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მასპინძელთა მხრიდან აღსანიშნავია პირველ ნახევარში შუამარბ იოანე ბასილაიას გატანილი ულამაზესი ლელო. რაქიდან სწრაფად ამოგდებული ოვალი კოლხებმა ხაზის გაჭრითა და თავიანთი კაპიტნის ეფექტური ლელოთი დააგვირგვინეს.
მეორე ტაიმი ფოთელთა იერიშებით დაიწყო და ფრთა ლუკა ნარსიას დადებული ლელოთი კოლხები ანგარიშში პირველად დაწინაურდნენ და გამარჯვებასაც მიუახლოვდნენ. ‘აკადემია’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის ბოლო წუთზე ბურჯ ალექსანდრე შარიქაძის ძალისმიერი ლელოთი მიჯრით მეორე, სეზონში კი მე-5 გამარჯვება გაიფორმა – 19:17.
ტურის დასკვნითი შეხვედრა „ხვამლი არენაზე“ გაიმართა. მუხიანში, დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლი’ და ‘არმია’ დაუპირისპირდნენ. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში უკეთ „არმიელები“ ირჯებოდნენ. მგეზავ თემურ ბლიაძისა და შუამარბ ლუკა მურუსიძის ლელოები ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმა გარდასახა, რასაც გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენების წინ ‘არმიას’ 12-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.
მეორე ტაიმში ‘ხვამლი’ მორკინალთა კარგი თამაშის წყალობით უპირატესობას მეთოდურად დაეუფლა. მუხიანელთა კაპიტან გი ბოჩიკაშვილის პირველ ნახევარში გარდაუსახავ ლელოს, მეორე ტაიმში თანაგუნდელების: ბურჯ ლევან ეზიაშვილისა და კვაჭ გიგი კოშაძის გატანილი ძალისმიერი ლელოები მოჰყვა, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ანგარიშში მინიმალური უპირატესობა ‘არმიას’ შეუნარჩუნა. მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ‘ხვამლის’ ჰავბეკ დაჩი წიკლაურის ლამის ცენტრიდან გატანილმა დიდებულმა არეკნმა მუხიანელთა ურთულესი გამარჯვება დააფიქსირა – 18:17.
მე-12 ტურში, ერთმანეთს მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. ‘ლელო’ მესამე მასივში ‘ბათუმს’ უმასპინძლებს, ‘აია’ კი ‘ხვამლს’ „აია არენაზე“ დაუხვდება. ინტერესმოკლებული არც პლეი ოფის ვაკანტურის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების, ‘არმიასა’ და ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრა უნდა გამოდგეს.
RUGBY.GE