ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ ფორმულა 1-ში მისი მიზანი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების რეკორდის გამეორებაა, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია. მიხაელ შუმახერს და ლუის ჰამილტონს შვიდ-შვიდი ტიტული აქვთ მოპოვებული, ალონსოს ანგარიშზე კი მხოლოდ ორია.
„ასტონ მარტინის“ მრბოლი ყველაზე ხნიერია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის. მას 358 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც რეკორდია. ასაკის მიუხედავად, ესპანელი შეასანიშნავ ფორმაშია და პირველი სამივე რებოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე წინა რვა სეზონში შეძლო.
ის აღიარებს, რომ შუმახერის და ჰამილტონის რეკორდის გამეორების შანსი უკვე აღარ ექნება: „როცა ბევრი წლის განმავლობაში ასპარეზობ, რეკორდების დამყარებასაც ახერხებ. მაგრამ ამ რეკორდებიდან ღირებული მხოლოდ ჩემპიონატში გამარჯვებების რიცხვია. ამ მომენტში, ეს ჩემთვის მიუწვდომელი ჩანს. თუმცა ეს მაინც ჩემს მიზნად რჩება“.
ალონსოს თავისი კარიერის დასაწყისში, ორი ტიტულის მოპოვების შემდეგ, ჰქონდა იმის შანსი, რომ შუმახერის რეკორდი გამეორება ეცადა. ის 25 წლისა, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო. მომდევნო ექვს სეზონში, ის სამჯერ ბოლო ეტაპამდე ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ მიზანს ერთხელაც ვერ მიაღწია.
ამ სეზონის კარგი დასაწყისი, ალონსოს ფანებს იმის იმედს აძლევს, რომ ის მესამე ტიტულისთვის იბრძოლებს. მაგრამ თავად ფიქრობს, რო წელს ეს არ მოხდება.
„რა თქმა უნდა, ეს მიზანია. მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში, ოცნებებში არ უნდა წავიდეთ. გუნდისთვის მთავარი, კარგი სეზონის ჩატარებაა. ჯერ სიარული უნდა შევძლოთ და მერე სირბილის დროც მოვა. ეს სეზონი იმისთვის გვჭირდება, რომ უკეთეს გუნდად ჩამოვყალიბდეთ, მანქანა უკეთ უნდა შევისწავლოთ. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. იმედია, მეტი კვარცხლბეკი გვექნება და იქნებ, გამარჯვებისთვისაც ვიბრძოლოთ. მაგრამ ჩემპიონობისთვის უფრო მეტია საჭირო და როგორც ვთქვი, ეს საქმე უკვე დაწყებული გვაქვს“, - დასძენს 42 წლის ალონსო.
ესპანელი ამბობს, რომ უკვე იმაზე დიდხანს დარჩა სპორტში, ვიდრე მოელოდა. ახლა კი იმედი აქვს, რომ ფ1-ში კიდევ რამდრნიმე სეზონს გაატარებს: „ორჯერ ჩემპიონი როცა გავხდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ ერთ ან ორ სეზონს კიდევ ჩავატარებდი, მერე კი გავჩერდებოდი. ახლა კი ყველაზე მეტ რბოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ისევ კარგ ფორმაში ვარ. მოტივაციაც არ მაკლია. ყოველ რბოლაში სიამოვნებას ვღებულობ. მოკლედ, რამდენიმე წელს კიდევ გავაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსიც მომეცემა“.