იტალიის ნაკრების, „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ „მილანი“ – „ნაპოლის“ დღევანდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შესახებაც:
„ძნელია ჩემპიონთა ლიგის მსგავს მატჩში, რომელშიც იტალიური გუნდები ხვდებიან და რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, ფავორიტი დაასახელო. გარდა ამისა, სერია A-ში ამ გუნდების ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე კიდევ უფრო რთულია. რატომ? იმიტომ, რომ ის არ იყო „ნაპოლი“, რომელსაც ყველა ვიცნობთ, მაგრამ „მილანიც“ უნდა შევაქოთ იმ თამაშისთვის და დამსახურება არ უნდა წავართვათ, რადგან „ნაპოლის“ აჯობა. ჩემპიონთა ლიგაზე კი სხვა დაძაბულობაა, ატმოსფერო, ყველაფერი, რასაც განიცდი, განსხვავებულია. ჩემი აზრით, დღევანდელი მატჩი ცოტა სხვანაირი იქნება.
დღეს რომ ვთამაშობდე, ლეაუს უფრო შემეშინდებოდა თუ კვარაცხელიას? ორივესი. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქეს ყოველთვის უტევენ, ცდილობენ მის მოტყუებას და რიცხობრივი უპირატესობის შექმნას. ტექნიკური ფეხბურთელები არიან, რომლებიც გოლების გარდა, ბევრ პასს აკეთებენ და გუნდისთვის ესეც ფუნდამენტურია. ორივეს შეუძლია მატჩების ბედის გადაწყვეტა და ყველაზე დიდი საფრთხის შექმნა. ამ მომენტში ორივე შესანიშნავ ფორმაშია“, - თქვა ძამბროტამ.