ფეხბურთი

10:29 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport კვარასა და ლეაუზე: ბაგირზე მოსიარულენი დრიბლინგის ხელოვნებით

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ Gazzetta Dello Sport-მა რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ფეხბურთელის განვლილ გზაზეა საუბარი.

ლეაუს და ხვიჩას ერთი საერთო აქვთ: ფეხბურთის სიყვარული და დრიბლინგები. ცნობილი გამოცემა მათ შესახებ წერს:

„ლეაუ და კვარაცხელია განსხვავებულად ცხოვრობენ. რაფა იღიმის, ეს მოედანზე ჩანს, თეთრ კბილებს აჩვენებს, როდესაც მეტოქეს ბედნიერი სცდება. ხვიჩა კი ცოტა უფრო ჩაფიქრებულია, ცენტრისკენ უფრო თავდახრილი მოძრაობს, რომ გათავისუფლდეს და მარჯვენა ფეხით დაარტყას. აქ არიან ისინი, „მილანი“ – „ნაპოლის“ დრიბლიორები, ელეგანტურები და გადამწყვეტები, ნიჭიერები, რომლებიც მოედანზე განსხვავებულად ანათებენ, მაგრამ ორივე ბურთისთვისაა დაბადებული.

ლეაუ ექსტროვერტია. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც თამაშობს. ანუ, ინსტიქტით და ძალით, თავისუფალი და ჯაჭვის გარეშე, როგორც რეპი, რომელიც მას ბავშვობიდან უყვარდა. ის გაიზარდა ბარიოში, სადაც არასწორი გზით თუ წახვალ, ნიშნავს, რომ ცუდ წრეში მოხვდი. ბავშვობიდან ბურთი ფეხებში ჰქონდა, ზურგს უკან ოკეანე, ქარსა და ქარიშხლებს შორის. ის თამაშობდა ქუჩაში და დრიბლინგით ატყუებდა ყველას, მაგრამ სკოლაში ცუდად სწავლობდა. პიოლიმ და იბრამ მის შესახებ რაღაც იციან, ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ნახევარი დრო დაუთმეს და ეუბნებოდნენ, რომ მისნაირ ფეხბურთელს უნდა ემუშავა თავის ნიჭზე, რათა ნომერ პირველი გამხდარიყო. ფაქტობრივად, მან მოიგო სკუდეტო და ვარსკვლავი გახდა. გატყუებს და ბოლომდე მიდის. მერე იღიმის, ცხოვრებაში და ფეხბურთში.

კვარა თბილისიდან - კვარაცხელია სხვა კონტექსტში გაიზარდა. მამა კარგი ფეხბურთელი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ხვიჩა 7 წლის იყო, როცა ტელევიზორში რუსულ ტანკებს უყურებდა და მისთვის ეს გაუგებარი იყო, თითქოს ეს იყო ფილმი ან ვიდეოთამაში. ომი 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად იმისთვის, რომ თავი დაეღწია სულ უფრო იზოლირებული რუსეთისგან. 2018 წელს ის მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი ყაზანის „რუბინში“. ყაზანელები იძულებული გახდნენ დამშვიდობებოდნენ მას უკრაინაში ომის გამო. ამით ისარგებლა „ნაპოლიმ“ და „მარადონაზე“ წაიყვანა. მარტის ბოლოს კი ნეაპოლში ბავშვს მისი სახელი დაარქვეს. მას დანიელე ხვიჩა ჰქვია და ეს ოქროს ბიჭის დამსახურებაა. კვარაცხელიას უყვარს ცენტრისკენ შეწევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა. გასულ კვირაში ერთმანეთის პატივისცემის ნიშნად მან და რაფამ მაისურებიც გაცვალეს. ოთხშაბათს ერთსა და იმავე მინდორზე ისევ შორიდან უყურებენ ერთმანეთს. სხვადასხვა ისტორიით, ორივე გარეუბნებში ჩამოყალიბებული“, - წერს ფრანჩესკო პიეტრელა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.117974