ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ალმერიას“ ესტუმრა, უშუალო კონკურენტს და ისევ დამარცხდა.
რუბენ ბარახას გუნდს ოდნავ ამოსუნთქვა შეეძლო, მაგრამ მორიგი მარცხის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაუმძიმდა. „ღამურებისთვის“ კოშმარული იყო მეორე ტაიმის დასაწყისი, როდესაც გონსალო მელერომ და სრდიან ბაბიჩმა ორჯერ გაიტანეს. მართალია, იქვე, 61-ე წუთზე სამუ კასტილიეხომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ ნახევარ საათში ვალენსიელებმა ვერაფერი შეცვალეს და დამარცხდნენ (1:2).
მამარდაშვილმა 2 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 52-ე წუთზე არნო პუიგმალის წინააღმდეგ სეივი. თუმცა, სამწუხაროდ, გიორგიმ შეცდომაც დაუშვა, რაც „ლოს ჩეს“ საბოლოო ჯამში წაგების ფასად დაუჯდა. მეორე გოლი ბაბიჩმა მას შემდეგ გაიტანა, რაც კუთხურისას მამარდაშვილმა კარი დატოვა, თუმცა ბურთს ვერ შესწვდა და „ალმერიას“ ფეხბურთელმა ცარიელ კარში გაიტანა.
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის 28 ტურში 5 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული და 34 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 27 ქულით მე-18-მე-19 ადგილებს ესპანიოლთან ერთად იყოფს, შესაბამისად გასავარდნ ზონაშია. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, შინ „სევილიასთან“ გამართავს, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება და შეიძლება ითქვას, მისი ერთ-ერთი კონკურენტია.