პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, პირველი ლიგის ჩემპიონი და მეორე ადგილოსანი დიდი-10-ის მსგავსი პლეი ოფით გამოვლინდება. სრკ-ს გამგეობამ პირველ ლიგაში მიმდინარე სეზონის ფორმატი უშუალოდ ლიგაში მონაწილე გუნდების ერთსულოვანი თხოვნის საფუძველზე დაამტკიცა.
პლეი ოფი ტრადიციულად მესამედ ფინალებით დაიწყო. რეგულარულ სეზონში მესამე-მეექვსე ადგილზე გასული გუნდები 2 ეტაპად, წინასწარი ფინალის მეორე მონაწილეს გასავარდნი ფინალით გამოავლენენ, რომელიც შესარჩევ ფინალში დამარცხებულ გუნდს დაუპირისპირდება და აღნიშნულ მატჩში წარმატებული კოლექტივი დიდ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
შესარჩევ ფინალში, ‘არწივები’-არმიას’ შორის გამარჯვებული გუნდი დიდი ფინალის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს. ფინალური მატჩის გამოკლებით, ყველა ეტაპის 1-მატჩა რკენა უკეთეს-ნომრიანი გუნდის (სეზონში დაკავებული მაღალი ადგილი) არენაზე შედგება. პირველი ლიგის ჩემპიონი მომავალ სეზონში დიდ 10-ში იასპარეზებს. ლიგის ვიცე-ჩემპიონს კი ელიტაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად დიდი 10-ის ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსან ‘აკადემიასთან’ 2-მატჩა დაპირისპირება მოუწევს.
მესამედ ფინალის პირველი შეხვედრა დედაქალაქურ ვაზისუბანში გაიმართა. ქართლურ დერბიში, მარნეულის ‘არმაზმა’ (3) გორის ‘გორს’ (6) უმასპინძლა. მატჩი ‘არმაზის’ იერიშებით დაიწყო. მასპინძლებმა სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა კარგად გამოიყენეს და მოლით, კვაჭმა საბა კურატიშვილმა პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ქვემო ქართლელებმა მონაგარს შუამარბ ოთარ მეტრეველის ლელოც შემატეს, შიდა ქართლელები კი ჰავბეკ ნიკა შანიძის ეულ ლელოს დააჯერეს. ‘არმაზი’ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მართალია, ‘გორმა’ მეორე ტაიმი უკეთ ჩატარა, თუმცა შეხვედრის გარდატეხა ვერ მოახერხა. ‘არმაზის კაპიტან ლევან ბრაგვაძისა და მგეზავ ბახვა კობახიძის გატანილ ლელოებს, სტუმართა ფრთების: ბექა ბრეგვაძისა და გელა ქავთარაძის დადებული ლელოები მოჰყვა, რამაც საბოლოოდ ‘არმაზის’ დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 38:22.
პატარძეულის ‘ვეფხვებისა’ (4) და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ (5) მესამედ ფინალის შეხვედრას რუსთავის „ხარები არენამ“ უმასპინძლა. გარე კახელებს, საკუთარი არენის დაზიანებული მოედნის საფარის გამო მესხებთან მასპინძლობა მეზობლად, ქვემო ქართლის დედაქალაქში მოუხდათ.
უაღრესად დაძაბული შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა. ‘ვეფხვებმა’ აქცენტი სტატიკაზე გააკეთა და ხეირიც ჰპოვა. გარე კახელები დერეფანსა და მოლში უპირატესობას ფლობდნენ, რაც 4 გატანილ ძალისმიერ ლელოშიც აისახა. ტრავმირებული ბორჯღალოსანის გოშა შკინინის არყოლის მიუხედავად, ჩინებულად ირჯებოდა მესხების ხაზი, რომელსაც კარგ სამსახურს ფიჯელი ლეგიონერების სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებებიც უწევდა.
პირველ ტაიმში მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. ქვემო ქართლელთა მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ თავისი და თანაგუნდელი კვაჭის გიორგი გოგუაძის ლელოები გარდასახა, პირველი ნახევრის მიწურულს გატანილი ჯარიმით კი ტაიმი ‘არმაზს’ 3-ქულის სხვაობით მოაგებინა.
მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ‘არმაზი’ უპირატესობას აღრმავებდა. ბურჯ გიორგი ლაფერაშვილისა და ფრთა საბა ცხვარიაშვილის გატანილი ლელოთა წყალობით გარე კახელები მატჩის დასკვნით 10 წუთში 11-ქულიანი სხვაობით შევიდნენ.
‘ტაო’ არ შედრკა და ძალთა მაქსიმალური კონცენტრაციისა და მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ფრთა მირზა შაინიძისა და ფიჯელი მარბიელი რატუ ნაკიკას დადებული ლელოებით მესხები გამარჯვებას მიუახლოვდნენ, თუმცა მგეზავ გიორგი ჯღამაიას მიერ გაცუდებული ბოლო გარდასახვის გამო ანგარიშში დაწინაურება ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, დარჩენილი წუთები მესხებმა მეტოქის 22-მეტრიანში გაატარეს, „გაწითლებულ“ დროში გამომუშავებული ჯარიმა ჯღამაიამ არცთუ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად შეასრულა და ‘ტაოს’ ურთულესი გამარჯვება მოუპოვა – 34:32.
‘არმაზი’ (3)-‘ტაოს’(5) გასავარდნი ფინალი ვაზისუბანში, ქვემო ქართლელთა არენაზე გაიმართება. რეგულარულ სეზონში, მეტოქეზე მაღალი დაკავებული ადგილის გამო ‘არმაზი’ მოედნის უპირატესობით ისარგებლებს.
RUGBY.GE