რეგიონული ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტური ამერ-იმერის ლიდერთათვის ფინალის დარი გამოდგა. აღმოსავლეთის გამარჯვებულს ‘წიქარასა’ და ‘რუსთავის’ შეხვედრა არკვევდა. ლიდერი ‘წიქარა’, ზედა ექვსეულის ბოლო ტურის წინ ‘რუსთავს’ 2 ქულით უსწრებდა და თან გიორგი ბარნოვის ბიჭებს ქვემო ქართლელები პირველ ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 16:14 ყავდათ დამარცხებული.
„ავჭალა არენაზე“ ქომაგმა უაღრესად დაძაბული, უხვქულიანი და დრამატული ფინალის მქონე შეხვედრა იხილა. ‘წიქარამ’ ტაიმებში 2-2 ლელო გაიტანა და პირველი ნახევარი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო. ‘წიქარას’ ერთ-ერთი ლიდერი, შუამარბი ფრიდონ ვეშაგური შესრულებული „დუბლითა“ და კარგი თამაშით გამოირჩა. ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის შუაწელს წითელი ბარათით გაძევებული მოთამაშისა და უმცირებოსაში დარჩენის მიუხედავად, ფრთა ლუკა ბურდულის დადებული ლელოთი ‘წიქარამ’ ანგარიშში სხვაობა 10-ქულამდე გაზარდა.
მატჩის დიდი ნაწილი მდევრის როლში მყოფმა რუსთავმა’ შესაშური ბრძოლისუნარიანობა და მაღალი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა. ქვემო ქართლელთა ხაზი სწრაფად და ეფექტურად შლიდა ოვალს, თან სტუმართა მგეზავმა ნიკა ბეჟუაშვილმა დაკისრებული ჩუბინობა გაამართლა და მეტოქეს 4 ჯარიმა გაუტანა. შეხვედრის მიწურულს რიცხობრივი უპირატესობა ჯერ ‘რუსთავის’ მღლეტელმა ბექა ხვისტანმა გამოიყენა, „გაწითლებულ“ დროში კი თანაგუნდელთა პრაქტიკულად ბოლო შეტევა ფრთა ზურა ბენდელიანმა გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინა – 29:27.
‘რუსთავმა’ ცხრილში საბოლოოდ ‘წიქარას’ 1 ქულით გაუსწრო, მოიგო აღმოსავლეთის ჯგუფი და პლეი ოფში მეტოქედ ფოთის ‘კოლხი რაინდები’ ირგუნა. ‘წიქარას’ კი ფინალში გასვლაზე დასავლეთის გამარჯვებულ წყალტუბოს ‘დინოზავრთან’ ასევე 2-მატჩა დაპირისპირება მოუწევს.
დასავლეთის ლიდერი ‘დინოზავრი’ დასკვნით ტურამდე მაქსიმალური შედეგით მივიდა. წყალტუბოელებმა 13-ივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს და მდევარ ‘კოლხი რაინდებს’ 5 ქულით უსწრებდნენ. პირველ წრეში ‘დინოზავრმა’ 24:7 იმარჯვა და კოლხებს დასავლეთში პირველი ადგილის დასაკავებლად იმერლებთან ბონუსით და თან სულ მცირე 18-ქულიანი სხვაობით მოგება მართებდათ.
ფოთში, „პარკი არენაზე“ ლიდერთა რკენამდე მეტოქეებმა 2-2 მატჩი გამართეს და ორივე შეხვედრა ფავორიტებმა პრემიალური ქულებით მოიგეს.
‘დინოზავრმა’ ჯერ „აია არენაზე“ ბათუმელი ‘მეკობრეები – 112:0 გაანადგურა. წყალტუბოელებმა აჭარლებს 18 უპასუხო ლელო დაუდეს. „ჰეთ-თრიკით“-მასპინძელთა ბურჯი ჯაბა ჩეჩელაშვილი გამოირჩა, გუნდის ლიდერი და კაპიტანი ბადრი დანგაძე წყვილ გატანილ ლელოს დაჯერდა.
მომდევნო შეხვედრაში ‘დინოზავრმა’ უშანსოდ უკვე სამტრედიაში ადგილობრივი ‘ფენიქსი’ დატოვა. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა იმერული დერბიც „მშრალი“ ანგარიშით – 57:0 მოიგეს. წყალტუბოელებმა 9 ლელო გაიტანეს. „დუბლი“-მარბიელებმა: კაპიტანმა ბადრი დანგაძემ და გიორგი გოგიძემ გაიფორმეს.
‘კოლხი რაინდები’ გადამწყვეტ შეხვედრამდე, აჭარა-გურიას ეწვია და მართალია ორივე მატჩი დაგეგმილი პრემიით მოიგო, თუმცა მასპინძლებს ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. ფოთელებმა ჯერ ბათუმში ქედას ‘ფირალები’ დაამარცხეს. კოლხებმა 7 ლელო გაიტანეს, კვაჭმა მურთაზ ლაშხიამ „დუბლი“ შეასრულა. აუტსაიდერის მხრიდან პრესტიჟის ლელო მხტომელმა ზურა კვაჭაძემ დადო, მეორე ტაიმში კი ჯარიმა მგეზავმა იური ფასეიშვილმა გაიტანა. აჭარელთა მარცხს წერტილი შუამარბ გიორგი ზუბიაშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა – 45:8.
ჩოხატაურში, ‘ჯანი’ კოლხებთან მატჩის დებიუტში კაპიტან და შუამარბ გოჩა ჯიქიას გატანილი ლელოთი დაწინაურდა. ფოთელებს უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებიათ და მცირე ხნის შემდეგ ფრთა ზურა მისაბიშვილის გარდასახული ლელოთი ანგარიში პოზიტიური გახადეს, შემდგომში კი მონაგარი კიდევ 4 დადებული ლელოთი გაამდიდრეს. კოლხთა მარბიელი ლევან ჩიქოვანი მეორე ტაიმში გატანილი წყვილი ლელოთი გამოირჩა – 27:5.
„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდებისა’ და ‘დინოზავრის’ გადამწყვეტი შეხვედრა იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ზაზა ჩირგაძის ბიჭები კოლხებს დერეფანში, მოლსა და რაქში აღემატებოდნენ და ხაზშიც უკეთ ირჯებოდნენ. წყალტუბოელებმა მასპინძლებს ტაიმებში 2-2 უპასუხო ლელო დაუდეს.
‘დინოზავრის’ წარმატებას სათავე მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულმა საჯარიმო ლელომ დაუდო, რასაც პირველ ნახევარში სტუმართა მღლეტელ გიორგი გოგიძის დადებული ლელო მოჰყვა. მეორე ტაიმში კი იმერელთა კაპიტანი და მარბიელი ბადრი დანგაძე „დუბლით“ გამოირჩა. თავისი კაპიტანის ორივე ლელო მგეზავმა გიორგი ჭოლაძემ გარდასახა და თანაგუნდელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 26:0. ‘დინოზავრმა’ დასავლეთის ჯგუფი მაქსიმალური შედეგით, 70 საცხრილო ქულით მოიგო. ჩირგაძის შეგირდებმა 14-ივე შეხვედრაში პრემიალური ქულით იმარჯვეს.
2-მატჩა პლეი ოფში მეტოქენი ასე დაწყვილდნენ:‘რუსთავი’ (1) – ‘კოლხი რაინდები’ (2)
‘დინოზავრი’ (1) – ‘წიქარა’ (2)
პირველი მატჩები უარეს ნომრიანი გუნდების, ‘კოლხი რაინდებისა’ და ‘წიქარას’ სტადიონებზე გაიმართება.
RUGBY.GE