რაგბი

14:05 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 16:6 არესი

ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესი’ 16:6 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.

რეგულარული გათამაშება ‘აიამ’ მე-3 ადგილზე დაასრულა, ‘არესმა’ კი მეექვსეზე, თუმცა რადგან „აია არენა“ ორივე გუნდისთვის მშობლიურია, ‘აია’ მასპინძლის სტატუსით პირობითად სარგებლობდა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე გუნდის მორაგბეები ნერვიულობდნენ და ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რამაც სანახაობრივი მხარე დააკნინა. ‘აია’ თავიდანვე დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა ეს ქულებში ვერ ასახა. მას დებიუტში შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ შორიდან შესრულებული ჯარიმა არაზუსტი იყო. ‘არესი’ პირველი ტაიმის შუაში მიუახლოვდა მეტოქის 22-ს და გიორგი თევდორაძის ჯარიმით დაწინაურდა. მალე მას შორიდან გაუცუდდა დარტყმა, ტაიმის ბოლოს კი ‘არესი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა – ყვითელი ბარათი რეზი არჩვაძემ მიიღო, თუმცა ტაიმი 3:0 მოიგო.

მეორე ტაიმიც შეცდომებით დაიწყო, ‘აიამ’ შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და დაწინაურება. 48-ე წუთზე ოვალი მარცხენა ფრთაზე, თემურ კოხოძემდე ჩათამაშდა, რომელიც მბოჭავს გვერდით ხაზთან დაუსხლტა და ლელომდე ირბინა. ნიკა ღლონტმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა. ‘არესს’ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, ბურთი ძელმა აისხლიტა, თუმცა 66-ე წუთზე თევდორაძემ კარის წინიდან მაინც შეძლო სხვაობის 3 ქულით შემცირება.

დასკვნით წუთებში ‘აიამ’ შეძლო მეტოქის მისსავე ნახევარზე გამოკეტვა, ორი ჯარიმა გამოიმუშავა, რომლებიც შეცვლაზე შესულმა ბონდო აბაშიძემ 6 ქულად აქცია და საკუთარ გუნდს 16:6 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ფრთა ოთარ მეტრეველი გახდა.

‘არესმა’ მიმდინარე სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ‘აია’ საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს და 23 აპრილს, „აია არენაზე“ ‘ბათუმი’-‘ყოჩების; წყვილს შორის გამარჯვებულს დაუხვდება.

RUGBY.GE

0.115635