საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნინიაშვილმა ტრავმა ჩელენჯ ქაფის შეხვედრაში „სტად ფრანსესთან“ მიიღო. თავდაპირველი ვარაუდით, მას რამდენიმე კვირა გაუცდებოდა, მერე კი პროგნოზი უფრო პესიმისტური იყო - 3 თვე.
„ლიონის“ ვებგვერდი წერს, რომ სამედიცინო გამოკვლევამ ტერფის მოტეხილობა აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მორაგბე ოპერაციას გაიკეთებს, შესაბამისად, მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.
ახლა მთავარია, ნინიაშვილი ფორმაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს.