სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სეზონის ბოლოსწინა თამაში საკუთარ მოედანზე „მინესოტასთან“ ჩაატარა, რომელსაც დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
სტუმრებმა მეორე და მესამე პერიოდში 28-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, შესაბამისად, ბოლო მეოთხედს, რომელიც „სპურსმა“ 8 ქულით მოიგო, აზრი დაეკარგა. საბოლოოდ, „მინესოტამ“ 151:131 იმარჯვა.
მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და შედეგიანი შეხვედრაც ჩაატარა. ქართველმა ცენტრის პოზიციაზე პარკეტზე 25:31 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 16 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„მინესოტაში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარეს ჯადენ მაკდანიელმა (31 ქულა) და კარლ-ენტონი თაუნსმა (30 ქულა), ხოლო მასპინძელთა შორის იულიან შამპანიე 24 ქულით და კეიტა დიოპი 22 ქულით გამოირჩნენ.
„სან ანტონიო“ 21 მოგებით და 60 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა, შესაბამისად, პლეი-ოფში ვერ გავა. რეგულარული სეზონის ბოლო თამაშს კი გრეგ პოპოვიჩის გუნდი 9 აპრილს, სტუმრად „დალას მავერიქსთან“ გამართავს.