საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით ჩატარდა სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი, რომელსაც დაესწრნენ სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან.
სემინარზე განიხილეს სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის აქტუალური საკითხები, კერძოდ სოკ-ის „სპორტსმენი-365" ონლაინ პლატფორმის 2023 წლის განახლებული რესურსები, ოლიმპიური სისტემის, ანტიდოპინგური, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, გენდერული თანასწორობის, ასევე მაღალი მიღწევების სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა და ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა მდივანმა თეიმურაზ უკლებამ. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიური მოძრაობის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
სპორტსმენთა ფორუმის და საგანმანათლებლო- საინფორმაციო სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სეოკ-ის სერტიფიკატები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
დღევანდელ ფორუმზე სეოკ-ის ხელმძვანელები და სემინარის მონაწილეები სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეუერთდნენ თეთრი ბარათების კამპანიას-სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის . მისი მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებაა.
GEONOC.ORG.GE