ყველაზე სწრაფი ქართველი რეფერი სულხან ჩიხლაძე ზაფხულში ახალ გამოცდილებას შეიძენს. 21 ივნისიდან 2 ივლისამდე, პოლონეთის ქალაქი კრაკოვი ევროპულ თამაშებს მასპინძლობს და ქართული რაგბი 7-კაცა ნაკრების გარდა იქ მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი.
7-კაცას ევროპული თამაშებში 25-27 ივნისს გაიმართება. კაცთა და ქალთა ტურნირში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებულები 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ. 7-კაცაში საქართველოსთან ერთად ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო 7-ქალაში ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და თურქეთი ითამაშებენ.
„ბოლო პერიოდში ერთი მეორეზე მაღალი დონის დანიშვნებს ვიღებ, რაც ძალიან მახარებს. შარშან ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის მატჩი ვიმსაჯე, ხოლო 18-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალი საფრანგეთსა და ირლანდიას შორის. ასევე 15-კაცაში რაგბი ევროპის ალაფის მატჩი ლიეტუვა-უკრაინას შორის და ყველა მათგანში უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. ვფიქრობ, ყოველი მორიგი დანიშვნა იმ პერფორმანსის შედეგია, რომელსაც განვლილ თამაშებსა თუ ტურნირებში ვაჩვენებდი და ეს ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს“.
„მიუხედავად ამისა, ასეთი მაღალი დონის დანიშვნას არ ველოდი და წერილი რომ მივიღე ისე გავოცდი, ინფორმაცია ჩემს მენტორთან გადავამოწმე, რომელმაც რაგბი ევროპასთან კონსულტაციის შემდეგ დანიშვნა დამიდასტურა. რაგბი ევროპის ეგიდით ეს ყველაზე მაღალი დონის ტურნირია. ყველამ კარგად იცის როგორი მასშტაბური სპორტული ზეიმია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ყველასათვის დიდი პატივია მისი მონაწილე იყოს. კრაკოვში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდებიც იბრძოლებენ. ეს მორიგი ნაბიჯია იმ დიდი მიზნისკენ, რასაც მსოფლიო სერიებისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსაჯობა ქვია და ვიმედოვნებ, საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად მეც მოვხვდები ოლიმპიადაზე“ – ამბობს ჩიხლაძე.
გაზაფხული და ზაფხული ევროპაში 7-კაცა რაგბის სეზონია და არაერთი ოფიციალური თუ კომერციული ტურნირი იმართება. სულხან ჩიხლაძემ უკვე იცის, რომ 2-5 ივნისს ამსტერდამის მასშტაბურ 7-კაცა ტურნირზე იმსაჯებს და კიდევ ელოდება რამდენიმე დანიშვნას:
„ამსტერდამში მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან კლუბები თუ ნაკრები გუნდები და საინტერესო თამაშები იმართება. ამსტერდამის ტურნირი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა მათთვის, ვისაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ალაფა ელის. ეს ასევე კარგი პლატფორმაა მოსამზადებლად მსაჯებისთვის. მაღალი დონის თამაშების მსაჯობა დიდ გამოცდილებას იძლევა, რაც აისახება მსაჯობის ხარისხზე და სწორედ ეს ხდება შემდგომი წინსვლის საწინდარი. ვეცდები, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინო და 7-კაცას მსაჯობის კუთხით ვასახელო ჩვენი ქვეყანა“.
RUGBY.GE