საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია. ბოლო რამდენიმე საათში, ის არაერთ გუნდს დაუკავშირეს.
ტრანსფერზე საუბარი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გიორგის აგენტი, ლევან სეთურიძე ლონდონში, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩს დაესწრო. გავრცელდა ცნობა, რომ 22 წლის მეკარით სწორედ „ჩელსია“ დაინტერესებული და სეთურიძის ლონდონური ვიზიტიც ამას უკავშირდება.
თუმცა, ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამარდაშვილისთვის ბრძოლაში „ლესტერ სიტი“ დაწინაურდა. რომანო ასევე იტყობინება, რომ გიორგით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მისი შეძენის ყველაზე კარგი შანსი „მელიებს“ აქვთ. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „ლესტერი“ პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.
ესპანურ მედიამ 22 წლის მეკარე დღეს „ჩელსის“ გარდა, „პორტუსაც“ დაუკავშირა, რომელიც დიოგო კოშტას შემცვლელს ეძებს, ასევე გაიჟღერა მილანის „ინტერის“ ვარიანტმაც. ახლო წარსულში მამარდაშვილი ახსენეს „ტოტენჰემსა“ და „იუვენტუსთან“ მიმართებაშიც.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი ევროა. თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, „ვალენსია“ მას 30-35 მილიონ ევროდ გაყიდის.