ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა, ვერ მოიგო და სახიფათო ზონას თავი ვერ დააღწია.
„ღამურებმა“ მეცხრე წუთზე გოლი გაუშვეს, რაც მთლიანად დაცვის ცენტრის სინდისზეა, რადგან სანტი კომესანა მამარდაშვილის წინ სრულიად ეულად დატოვეს, მანაც ქართველ მეკარეს აჯობა.
რუბენ ბარახას გუნდი შემდეგ უპირატესობას დაეუფლა და საწადელს 82-ე წუთზე მიაღწია, როდესაც ჯასტინ კლუივერტმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. „რაიოს“ მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ მამარდაშვილმა „ლოს ჩე“ გადაარჩინა, როდესაც 87-ე წუთზე სალვი სანჩესის რთული დარტყმა უკუაგდო. საბოლოოდ, ფრე - 1:1.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 32 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად ხუთჯერ შეინახა. „ვალენსია“ 27 ქულით „ესპანიოლსა“ და „ალმერიასთან“ ერთად მე-17-მე-19 ადგილებს იყოფს, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, სტუმრად სწორედ „ალმერიას“ შეხვდება.