ფეხბურთი

0:51 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "ოსიმენიც ვერაფერს შეცვლიდა, "ნაპოლი" ძალიან ნელი, მძიმე და პროგნოზირებადი იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „მილანთან“ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა. როგორც მან განაცხადა, ვიქტორ ოსიმენის დანაკლისით არ იყო განპირობებული ლუჩანო სპალეტის გუნდის მძიმე მარცხი და მას რომც ეთამაშა, არაფერი შეიცვლებოდა.

„ახლა ყველა იტყვის, რომ „ნაპოლის“ ოსიმენი აკლდა. ამიტომ, გაუგებრობისგან მოედანი გავასუფთაოთ: „ნაპოლიმ“ ძალიან მძიმე, ძალიან ნელი და ძალიან პროგნოზირებადი თამაში აჩვენა, ოსიმენსაც კი გაუჭირდებოდა. ერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ამ სიტუაციის გადაჭრა. არსებობს სამი ფუნდამენტური კომპონენტი, რამაც სპალეტის გუნდს საშუალება მისცა სატურნირო ცხრილში ასეთი უპირატესობა მოეპოვებინა და საზოგადოება გაეოცებინა: გუნდური სულისკვეთება, ძლიერი მოტივაცია და თამაშის ორგანიზებულობა. ეს ყველაფერი „მილანთან“ გუნდს აკლდა“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ "მილანთან" წაგების (0:4) მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. „ნაპოლი“ და „მილანი“ 12-18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდებიან.

0.11777