უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა Ekipa-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სუპერლიგის პროექტის მხარდამჭერ კლუბებზე, „ბარსელონაზე“, „იუვენტუსსა“ და „რეალზე“ ისაუბრა.
მან სამივე კლუბს შეუტია და აღნიშნა, რომ მსაჯების მოსყიდვასთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ უეფას „ბარსას“ წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული, ისევე, როგორც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ოღონდ ტურინელთა შემთხვევაში ანგარიშების გაყალბების თვალსაზრისით.
„თვითონ გავეცანი „ბარსელონას“ სიტუაციას, რომელიც უკიდურესად მძიმეა. ეს იმდენად სერიოზულია, რომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია, რაც კი ოდესმე ფეხბურთში მინახავს. პირდაპირ კომენტარს ორი მიზეზით ვერ გავაკეთებ: პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი დისციპლინური კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია საქმის შესწავლაზე, მეორეც იმიტომ, რომ დეტალები ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცი. ესპანეთში ეს დანაშაული ვადაგადაცილებულად ითვლება, მაგრამ უეფასთვის დადგენილი თარიღი არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ბევრზე მეტი ვიცი, ვიდრე ჩვეულებრივმა გულშემატკივარმა. „იუვენტუსის“ ამბავი ისე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა (გულისხმობს კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომას - რედ), იმიტომ, რომ ყველაფერი არასწორად გააკეთეს. არ მაქვს პირადი ურთიერთობა ანდრეა ანიელისთან ან „იუვენტუსში“ ვინმესთან, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც კლუბს პატივს ვცემ და ზოგადად სამივე კლუბს, რომელიც სუპერლიგაშია. თუ კლუბს ჰყავს საბჭო, რომელიც იღებს ცუდ გადაწყვეტილებებს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კლუბის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს მისი გულშემატკივრების ან ფეხბურთელების.
საინტერესოა, რომ სამი კლუბიდან, რომლებიც თავს ფეხბურთის მხსნელებად აცხადებენ, ერთის წინააღმდეგ ანგარიშების გაყალბებაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეორეზე კი გამოძიება მიმდინარეობს მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელობისთვის ფულის გადახდის გამო. ვნახოთ, მესამეც თუ აქვს რამე გაკეთებული. საინტერესოა, როგორ გადაარჩენენ ისინი ფეხბურთს, ჩემგან ნებისმიერი სხვა კომენტარი ზედმეტი იქნებოდა“, - თქვა ჩეფერინმა.