„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და „მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ მატჩის შესვენებაზე „სტადიო მარადონას“ გვირაბში იკამათეს.
სპალეტი რაფაელ ლეაუს საყვედურობდა გოლის პროვოკაციულად აღნიშვნის გამო, რის გამოც საქმეში მალდინი ჩაერია და ლუჩანოს მიმართა:
„მისტერ განერვიულებული ხარ! ჩემპიონატი მოგებული გაქვთ, რა ჯანდაბა გინდა?!“, - უთხრა მალდინიმ სპალეტის.
მატჩის შემდეგ „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მალდინიმ უპატივცემულობა გამოიჩინა: „მსაჯს ვესაუბრებოდი, რათა აეხსნა, რატომ უჩვენა ყვითელი ბარათი ლობოტკას. ამ დროს მალდინი ხელების ქნევით მოვიდა და მედიდურად მესაუბრა. ის უპატივცემულოდ მოიქცა. ჩემი მხრიდან არაფერი მომხდარა, ლეაუსთან არაფერზე მიკამათია. ვწუხვარ, რადგან ის პაოლო მალდინია“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ წაგების მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.