„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიის მოქმედი ჩემპიონის თავკაცი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ნეაპოლელთა დამარცხება შეუძლია.
„სანაკრებო პაუზის დროს ბიჭებს ვუთხარი, რომ არაფერი შეცვლილა: გასული სეზონის ბოლო სამ თვეში ჩვენი არავის სჯეროდა, ისევე, როგორც წელს არავის სჯერა, რომ „ნაპოლის“ დამარცხება და ოთხეულში მოხვედრა შეგვიძლია. ეს სეზონი შეიძლება გახდეს დიდებული ან ნეგატიური, კარგად გვახსოვს შარშან, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ სერია A-ში ბოლო 10 მატჩს და ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩს კარგად ჩავატარებთ. ხვალ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც „მილანს“ შეეფერება, მოგება შეგვიძლია.
„ნაპოლისთან“ პირველი წრის მატჩში ძალიან აგრესიულები ვიყავით. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ ყველა თვისება გვაქვს, რომ „ნაპოლის“ სირთულეები შევუქმნათ. ჩვენი დონის მეტოქე გვყავს, რომელიც კომპლიმენტებს იმსახურებს. ოსიმენი? ცხადია, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლიმ“ მის გარეშე მოიგო ყველა თამაში, მათ შორის, ჩვენს წინააღმდეგ. ჩემი არჩევანი არ იქნება განპირობებული მისი ყოფნა-არყოფნით, ეს არაფერს ცვლის.
„ნაპოლის“ უფრო სტაბილური შედეგები ჰქონდა, ვიდრე ჩვენ, ისეთ შედეგები აჩვენეს, რაც ისტორიაში არასდროს ჰქონიათ, მაგრამ ხვალიდან ახალი სეზონი იწყება. პირველ წრეში მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა, ხვალ სხვა მატჩი იქნება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც განსხვავებული იქნება და მას არაფერი საერთო ექნება სერია A-ს თამაშებთან“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „მილანი“ პირველ წრეში სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხვალინდელი მატჩი კი 22:45 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ეს გუნდები 12-18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.