ფეხბურთი

13:15 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ოსიმენის შესაცვლელად მზადაა: მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს

„ნაპოლის“ გულშემატკივრები ვიქტორ ოსიმენის ტრავმით შეშფოთებული არიან. ჯერჯერობით, არაა ცნობილი რამდენი ხანი იუქმებს ნიგერიელი ბომბარდირი, მაგრამ გარკვეულია, რომ „მილანთან“ და „ლეჩესთან“ დაგეგმილ ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს.

არაა გამორიცხული აფრიკელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ შეხვედრებშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა. ოსიმენს ჯოვანი სიმეონე ან ჯაკომო რასპადორი შეცვლის. სეზონის დასაწყისში, როდესაც ვიქტორი ტრავმირებული იყო, „ნაპოლიმ“ მის გარეშე 7 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. მაშინ მას ხან რასპადორი ცვლიდა, ხანაც სიმეონე. თუმცა, ამჯერად არგენტინელს უფრო დიდი შანსი აქვს, რადგან იტალიელმა ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გამოტოვა და ახლახან გამოჯანმრთელდა.

ჯოვანი სიმეონეს კი საინტერესო სტატისტიკა აქვს: მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა (4 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 სერია A-ში, 1 იტალიის თასზე). ეს ჩინებული შედეგია, რადგან ჯოვანი გუნდის მესამე ფორვარდია ოსიმენისა და რასპადორის შემდეგ, ხსენებულ 25 თამაშში კი ჯამში სულ რაღაც 592 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს გოლი მოედანზე გატარებულ ყოველ 74 წუთში გააქვს, რაც შედარებისთვის ოსიმენზე უკეთესი შედეგია, რომელიც გოლის გატანას ყოველ 91 წუთში ერთხელ ახერხებს.

სიმეონემ პირველ წრეში „მილანს“ გამარჯვების გოლი გაუტანა, ბოლოს კი თავი 29 იანვარს, „რომასთან“ გამოიჩინა, როდესაც ასევე გამარჯვების გოლი შეაგდო.

ამრიგად, სიმეონე მზადაა ოსიმენი შეცვალოს და „ნაპოლის“ ნიგერიელი ფეხბურთელის არყოფნა არ დაატყოს.

0.114892