არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა GOAL-თან ინტერვიუში ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
„მასთან თამაში დიდი სიამოვნებაა. ეს ისეთი რამაა, რასაც ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები. როდესაც ერთად ვართ, ის უბრალოდ ლეოა. სწორედ ამიტომ ეწყობა მას ყველა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მის ყველა მიღწევას.
ლეო ყველა ოქროს ბურთს დათმობდა კოპა ამერიკას მოსაგებადაც. მან ეს მაშინ თქვა, როდესაც ბრაზილიიდან სახლში თასით ხელში ვბრუნდებოდით. იმ მომენტში ამაყი ვიყავი, რომ ამ ოცნების ასრულებაში დავეხმარე. მას საკლუბო დონეზე ყველაფერი მოგებული ჰქონდა, თუმცა რაღაც მაინც აკლდა, ეს კი სანაკრებო ტიტული იყო“ - განაცხადა მარტინესმა.
დიდხნიანი უტიტულო სერიის შემდგომ, ლეო მესიმ ჯერ კოპა ამერიკა მოიგო, 2022 წელს კი კატარში მუნდიალის გამარჯვებული გახდა. იმ გუნდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი სწორედ ემილიანო მარტინესს ეჭირა.