ფეხბურთი

0:34 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ფეიენოორდთან" გოლი წარმოუდგენელი ემოცია იყო"

გრაცის „შტურმის“ ვებგვერდზე ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართველი ფეხბურთელი 26 მარტს, 27 წლის გახდა, სწორედ ამასთან დაკავშირებით გაესაუბრა მას ავსტრიული გუნდის პრესსამსახური.

კიტეიშვილმა მთლიანად საკლუბო თემაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, როტერდამის „ფეიენოორდთან“ მატჩი, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, მისთვის დაუვიწყარი მომენტია.

- თქვენ ამჟამად მეხუთე სეზონს თამაშობთ გრაცში. როგორ აღწერთ გუნდის განვითარებას ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში?

- დიახ, ამჟამად ჩემი მეხუთე სეზონია და რეალურად ეს ძალიან დიდი დროა (იცინის). ბოლო ორწელიწადნახევარი არც ისე კარგია ჩემთვის, რადგან სამწუხაროდ ხშირად ტრავმირებული ვარ. მაგრამ ეს მართალია, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით ბოლო სამი სეზონის განმავლობაში და ვძლიერდებით. წელს ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს ჩემპიონატსა და თასზე. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალ შაბათ-კვირას დაიწყება და ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე ძლიერები, ვიდრე ვიყავით ამ სეზონში.

- შემოდგომაზე თქვენ შექმენით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი როტერდამის „ფეინოორდის“ წინააღმდეგ გამარჯვებით. რა მოგონებები გაქვთ გოლსა და თამაშზე?

- „ფეინოორდის“ წინააღმდეგ თამაში მართლაც წარმოუდგენელი იყო. სათადარიგოთა სკამიდან ჩავერთე თამაშში და შემდეგ გავიტანე გამარჯვების გოლი, ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. დროდადრო მახსენდება ეს გოლი ან ვუყურებ და როცა ჩემს სახეს ვხედავ, ვხვდები, რომ ნამდვილად ვერ გადმოვცემდი იმას, რასაც მაშინ ვგრძნობდი. როგორც წესი, უკვე ემოციური ვარ, მაგრამ სახე ვერ ასახავდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას. ეს თამაში და ეს გოლი ნამდვილად იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი. ზოგადად და კონკრეტულად ამ თამაშის გამო, ჯგუფური ეტაპიდან გავარდნით ტკივილი უზარმაზარი იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი ვითამაშეთ და ამით ვამაყობთ.

- მომავალ შაბათ-კვირას საჩემპიონო ჯგუფი „რაპიდთან“ საშინაო თამაშით იწყება. რა მოლოდინი გაქვთ ამ მატჩის წინ და საჩემპიონო ჯგუფში?

- მომდევნო შაბათ-კვირას სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთული იქნება სტარტი „რაპიდის“ წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, გავაცნობიერებთ, რომ ეს ბოლო ათი თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია და მოგვეთხოვება მოედანზე მაქსიმუმის ჩვენება. მომზადებული ვიქნებით ამ გადამწყვეტი ეტაპისთვის და იმედია, ყველას ვაჩვენებთ რამდენად კარგი გუნდი გვყავს.

- წელიწადნახევარია, რაც ქალიშვილის მამა ხართ, როგორია ახალგაზრდა მამის ცხოვრება?

- ჩემი ქალიშვილი იზრდება და იზრდება, მგონია, რომ გუშინ დაიბადა. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მისი წყალობით კიდევ უფრო პროფესიონალი გავხდი. მის გამო ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ, ყოველთვის მასთან ერთად დავდივარ სასეირნოდ.

- და ბოლოს: რა არის თქვენი დაბადების დღის სურვილები?

- ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელი ვიქნები და ეს ტრავმიანობა დასრულდება. რა თქმა უნდა, ასევე მინდა ვიყო მოტივირებული და კონცენტრირებული მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს ჩვენს გუნდს და თითოეულ ინდივიდუალურ მოთამაშეს, რათა ერთად აღვნიშნოთ წარმატება, როგორც გუნდურად და ინდივიდუალურად.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

0.114933