რუსთავის ‘ხარებმა’ მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში 20:12 დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ‘ხარები’ მეორე ადგილზე მყოფ ‘აიას’ ქულებით გაუტოლდა და მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. დასკვნით ტურში რუსთაველები ‘ყაზბეგს’ სტუმრობენ, ‘აია’ კი ‘ხვამლს’ ეწვევა და მაშინ გაირკვევა ვინ დაიკავებს მეორე ადგილს და შესაბამისად, ვინ დაიბევებს შესარჩევი ფინალის საგზურს. მე-17 ტურში ჯერ არ უთამაშია ლიდერ ‘ლელოს’, რომელსაც 53 ქულა აქვს, ხოლო ‘ბათუმი’ 44 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და შეინარჩუნებს თუ ვერა ამ ადგილს, ტურის დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
„ხარები არენაზე“ გამართული მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ორივე მხრიდან იყო შეცდომები, თუმცა დასკვნით წუთებში მასპინძლებმა თავი უკეთ წარმოაჩინეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.
მე-11 წუთზე გიორგი პეტრიაშვილის სინბინის შემდეგ, ‘ხარები’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა და სტუმრებმა ამით 1 წუთში ისარგებლეს. ‘ბათუმმა’ მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ანზორ სიჭინავას პასის შემდეგ გიორგი მენაბდემ ლელო ალამთან გაიტანა, მამუკა ნინიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა. რუსთაველები მომენტალურად გააქტიურდნენ და რომ არა ნინიძის თავგანწირული თამაში, დავით თაბუკაშვილი მალევე შეძლებდა საპასუხო ლელოს გატანას.
მასპინძლებმა გააფთრებული შეტევები გააგრძელეს და გარკვეული პერიოდი ‘ბათუმი’ ჯარიმების ხარჯზე ახერხებდა თავის დაცვას, თუმცა 22-ე წუთზე გიორგი ბასილაიამ მაინც მოახერხა დაცვის გარღვევა და ლელოს გატანა, სინბინიდან დაბრუნებულმა პეტრიაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ზღვისპირელებმა დერეფნიდან კარგად გაშალეს შეტევა, ზურაბ ძნელაძე ბოჭვის შემდეგ ფეხზე დარჩა და მისი ოფლოუდი ლელოთი მამუკა ნინიძემ დაასრულა, თუმცა მასვე გარდასახვა გაუცუდდა – 7:12.
მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა ბრძოლაში, უქულოდ ჩაიარა, მერე კი ‘ხარებმა’ კარგი მოლი ააგორა და ის ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა. პეტრიაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა. დასკვნით წუთებში მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის მისსავე ნახევარზე წნეხში მოქცევა, ორი ჯარიმა გამოიმუშავეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა პეტრიაშვილმა ორივე გაიტანა და ‘ხარებმა’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 20:12.
RUGBY.GE