რაგბი

16:05 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 43:29 ხვამლი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ხვამლს’ 43:29 სძლია და საფლეიოფო ექვსეულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბოლნისელები რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ 42 ქულით მე-5 ადგილზე არიან, თუმცა მის მდევრებს – ‘ყაზბეგს’ (40) და ‘არესს’ (37) მე-17 ტურის თამაშები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რაც შეეხება ‘ხვამლს’, ის 35 ქულით მე-8 ადგილზეა და ექვსეულში მოხვედრის პრაქტიკული შანსი აღარ აქვს, თუმცა თბილისის ‘აკადემიასთან’ ბოლოსწინა ადგილის (და პირველ ლიგელთან გადათამაშების) თავიდან არიდებისთვის ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა.

„რაგბი პლატოზე“ გამართული მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიშში ‘ხვამლი’ დაწინაურდა. მუხიანელებმა დებიუტში რამდენჯერმე გაახერხეს თერნოვერი და მართალია ზურა ქობელაშვილს შორეული ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა მე-15 წუთზე მან ფეხით ბურთი მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა, რასაც სამსვლიანი კომბინაცია და ლაშა კაკაურიძის ლელო მოყვა, ქობელაშვილმა კი გარდასახა.

პასუხმა არ დააყოვნა – მე-19 წუთზე სანდრო ფურცხვანიძემ 10-მეტრიან წყვეტილთან სუფთად გაჭრა ხაზი და 5-მეტრიანამდე ირბინა, ბოჭვის შემდეგ ბურთი ამოაგდო, ის ნიკოლოზ თეზელაშვილმა აიტაცა და საპასუხო ლელო მიითვალა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ქობელაშვილმა ჯარიმით სტუმრებს უპირატესობა 23-ე წუთზე დაუბრუნა, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილი დრო სრულად ‘ყოჩების’ იყო.

27-ე წუთზე, დერეფნიდან კარგი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გიორგი კურტანიძემ შეუტია და ქობელაშვილთან მძლავრი კონტაქტის შემდეგ ლელო გაიტანა; ორიოდე წუთში ბოლნისელებმა კარგი მოლი ააგორეს და ლაშა საჯაიამ ლელო მიითვალა, მალაღურაძემ კი ორი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც მიითვალა – 24:10.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრების იყო. ‘ხვამლს’ ჩამორჩენის 2 ქულამდე დასაყვანად სულ 8 წუთი დაჭირდა. პირველ ეპიზოდში მათი მოლი საბა კურტანიძის ლელოთი დასრულდა, მერე კი კურტანიძემ ხაზი გაჭრა და თავს ზემოდან შესრულებული ვირტუოზული პასით ლელო გიორგი კვაბზირიძეს გაატანინა. ქობელაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. ‘ყოჩებმა’ 53-ე წუთზე მორკინალების მიძალებით უპასუხა, რის შემდეგაც ბურთი ხაზზე გავიდა და ლევან გოგოლაშვილი ლელოში მარცხენა ალამთან შევიდა. მალაღურაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

ქობელაშვილს ჯარიმით იქვე შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. სხვაობა 66-ე წუთზე მაინც შემცირდა – ‘ხვამლმა’ მოლით 23 მეტრი დაფარა და ტარიელ დონაძემ ბურთი ლელოში დაამიწა. ქობელაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. სტუმრების სიტუაცია 71-ე წუთზე, დავით ხიდეშელის სინბინის შემდეგ დამძიმდა და ‘ყოჩებმა’ მეტობით კარგად ისარგებლა.

76-ე წუთზე გიორგი კურტანიძემ მძლავრად შეუტია, სამი მბოჭავი ჩამოიშორა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, ბოლო წუთზე კი ‘ხვამლი’ სიჩქარეში შეცდა, დერეფნიდან ბურთი სწრაფად შემოაგდო, დაკარგა, სერგი ჩხაიძემ ის ფეხით შეაცურა, მცველს ნიკოლოზ რეხვიაშვილმა აჯობა და თავისი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 43:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოლნისელთა ბურჯი იროდიონ ქუცნიაშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.117988