რაგბი

11:35 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი და ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამუშაო შეხვედრაზე

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მწვრთნელთა და მსაჯთა სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

მსოფლიო თასის ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი და ელიტური პანელის მსაჯები ლონდონში შეიკრიბნენ. ახალი წამოწყების ინიციატორი მსოფლიო რაგბის მსაჯთა ხელმძღვანელი ჟოელ ჟუშია. მისი მიზანია, რომ თამაში უფრო სანახაობრივი გახდეს და მსაჯებს ნაკლებად მოუწიოთ საქმეში ჩართვა. მსგავსი ინტერაქციები ექვსი და ოთხი ერის გუნდების მწვრთნელებისთვის აქამდეც იმართებოდა, ახლა კი მასში უფრო მეტი გუნდი იყო ჩართული.

გაადვილებული ურთიერთობა

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ლევან მაისაშვილი ამბობს:

„უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, ძალიან სასარგებლო სამუშაო შეხვედრა გვქონდა. ჟოელ ჟუშმა დამოკიდებულება შეცვალა და მწვრთნელებისა და მსაჯების კოლაბორაცია საინტერესო გახადა. რაგბს საკმაოდ რთული წესები აქვს და განვიხილეთ ის პრიორიტეტები, რაზეც ყურადღება იქნება გამახვილებული. ახალი არაფერია, უბრალოდ დისციპლინის გაუმჯობესებისა და თამაშის ინტენსივობის აწევის მიზნით, კონკრეტულ მომენტებს მეტი ყურადღება დაეთმობა“.

„მაღალი დონის გუნდებს ასეთი შეხვედრების დიდი ფუფუნება აქვთ. ისინი თამაშობენ უმაღლესი დონის სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირებს, სადაც მუდმივი შეხება აქვთ ელიტურ მსაჯებთან (რისი შესაძლებლობაც ჩვენ წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ გვაქვს) და კარგად ახერხებენ ამა თუ იმ წესის გვერდის ავლას. სწორედ ამისთვისაა საინტერესო მსგავსი შეხვედრები, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც მსაჯების, ასევე მწვრთნელების უსაფუძვლო კრიტიკა. კრიტიკა მომავალშიც აუცილებლად იქნება, მაგრამ არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზები“.

„ამ ტიპის მუშაობა აადვილებს ურთიერთობას. მაღალი დონის მსაჯები განსაკუთრებულად ემზადებიან თამაშებისთვის, დიდია წნეხი და მოქმედებს ადამიანური ფაქტორები. შეცდომა ყველას მოსდის, ასეთი ურთიერთობები კი ხელს უწყობს ინტეგრაციას“.

სანახაობა და უსაფრთხოება

„ჟოელ ჟუშმა, რომელიც მსოფლიო რაგბის მენეჯმენტში 2021 წელს მოვიდა, მიზნად დაისახა მწვრთნელთა და მსაჯთა შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. მიზეზი მარტივია. რაგბი კომპლექსური სპორტია, მოედანზე ბევრი რამ ხდება და იმისათვის, რომ დაცული იყოს მოთამაშეთა უსაფრთხოება და შედგეს სანახაობა, აუცილებელია მსაჯების, მწვრთნელებისა და მოთამაშეთა ერთობლივი ძალისხმევა“ – გვიყვება ნიკა ამაშუკელი და განმარტავს:

„ცვლილებებმა, რომლებიც დროის მცირე მონაკვეთში დიდი დოზით იყო, თამაშში მთელი რიგი პროცესები გამოიწვია, რამაც ტემპი დაწია. წინა პლანზე წამოიწია მსაჯებისა და ვიდეო-რეფერის როლმა, რაც მაყურებელს, როგორც სარაგბო შოუს მომხმარებელს დიდად არ სიამოვნებს. შესაბამისად, მწვრთნელთა, მოთამაშეთა და მსაჯთა გაერთიანება ვცდილობთ გულშემატკივარს შევთავაზოთ ისეთი გამოსავალი, სადაც სპორტსმენთა უსაფრთხოებაც დაცული იქნება და შოუც შედგება“.

„სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა, რომელიც იყო დეტალური და მას ესწრებოდნენ როგორც მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების მწვრთნელები, ასევე ის მსაჯები, რომლებიც თამაშებს მსოფლიო თასზე გაუძღვებიან. საუბარი იყო მთელ რიგ ეპიზოდებზე – რაქზე, მოლზე, სივრცეზე, შერკინებაზე, აუტზე, რასაც თან ახლდა დისკუსიები“.

„აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია არა წესების ცვლილებაზე, რომელსაც მთელი რიგი პროცედურები ჭირდება, არამედ მიდგომის ცვალებადობაზე. ერთი და იგივე ეპიზოდი მსაჯმა და მოთამაშემ, გნებავთ სხვადასხვა მსაჯმა, შეიძლება განსხვავებულად აღიქვას. სწორედ ამაზე იყო მუშაობა, რომ მაყურებლისთვისაც და მოთამაშისთვისაც ადვილი იყოს ამა თუ იმ ეპიზოდის აღქმა, თანაც ისე, რომ მსაჯებს სასტვენის მეტად გამოყენება არ მოუხდეთ. მსაჯებმა წესებთან დაკავშირებით ნათელი პასუხები უნდა მივცეთ მწვრთნელებს და მერე მწვრთნელებმა ეს დეტალები უნდა გააცნონ მოთამაშეებს. რა თქმა უნდა იქნება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა აუცილებელია თამაშისთვის საჭირო ფუნდამენტურ მომენტებზე შეთანხმება, რათა ერთიანი აზროვნება გვქონდეს მწვრთნელებს და მსაჯებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ადვილად აღსაქმელი გახდეს მაყურებლისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ უამრავი მომენტი და იყო მსჯელობა – როგორ სჯობს მსაჯისთვის და როგორ მოთამაშისთვის. ყველა თავის აზრს აფიქსირებდა, იყო დიდი ჩართულობა და ურთიერთპატივისცემა“.

ჯგუფური პრინციპით

„მწვრთნელების უმეტესობას პირადად ვიცნობდი, ზოგიერთ მათგანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, დანარჩენები კი იქ გავიცანი. დაყოფილი ვიყავით ჯგუფებად, რომელშიც 4 მწვრთნელი და 4 მსაჯი შედიოდნენ. ჩემს ჯგუფში იყვნენ გამოცდილი და საინტერესო მწვრთნელები – ედი ჯოუნსი და მაიკლ ჩეიკა, ასევე ორი უმაღლესი დონის მსაჯი – ფრანგი მეთ რეინალი და ინგლისელი მეთიუ ქერლი. განვიხილავდით სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ მომენტებს, რომლებთან დაკავშირებითაც ცხარე დისკუსიები იმართებოდა“ – გვიხსნის მაისაშვილი და ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის, ნიკა ამაშუკელის როლზე საუბრობს:

„ნიკა ამაშუკელი დიდ სამსახურს უწევს ქართულ რაგბის. ის ელიტური მსაჯების სრულუფლებიანი წევრია და ყველა პატივს სცემს, რაც თავისი პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით დაიმსახურა. ამ ბიჭმა ელიტარულ სამსაჯო საზოგადოებაში ძალიან მოკლე დროში დაიმკვიდრა ადგილი. ჟოელ ჟუშს მისი დიდი ნდობა აქვს. ნიკას ყველა ახალ ტრენდზე მიუწვდება ხელი და მისი დახმარებით ამ სიახლეების ყველა ნიუანსში ვერკვევით, რადგან 2020 წლიდან, როდესაც ამის დრო აქვს, ჩვენთან ერთად არის შეკრებაზე და დეტალურად გვიხსნის სიახლეებს, რაც საქმეს გვიადვილებს“.

თავის მხრივ, ამაშუკელი ამბობს:

„ლევანთან ერთად ჯგუფში იყვნენ ედი ჯოუნსი და მაიკ ჩეიკა იყვნენ. ასევე პირადად გაიცნო მსაჯები, რაც ძალიან კარგია. როდესაც მსაჯს კარგად იცნობ და იცი რას ფიქრობს, სხვა დამოკიდებულება ჩნდება. ქართული რაგბის დღევანდელი რეპუტაცია, ბიჭებთან ერთად დიდწილად მისი და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როდესაც შენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ასეთი თამასა უჭირავს“.

„დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ დაჯამდება და პრეზენტაციის სახით დაეგზავნება შეხვედრის მონაწილე ყველა მწვრთნელს და მსაჯს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება ჯერ გასახურებელი თამაშები და მერე მსოფლიო თასი. ახლა მთავარია, რომ ეს დეტალები რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ჯერ მოთამაშეებამდე და მერე გულშემატკივრამდე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ რაზეც ვისაუბრეთ უმოკლეს დროში დაინერგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, რათა ბიჭებმა მოსამზადებელ პერიოდებში აქტიურად ჩართონ ეს ელემენტები. მე და ლევანს ამ შეხვედრების შემდეგ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი და ის ელემენტები, რაც აქ გავიარეთ, უნდა ჩავრთოთ ნაკრების მომზადებაში. ლევანმა კარგად იცის, რომ დისციპლინა ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად მოამზადებს გუნდს“.

მაისაშვილს კი უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს:

„მსოფლიო რაგბი ამ შეხვედრის ანგარიშს უახლოეს პერიოდში გადმოგვიგზავნის და აუცილებლად მექნება შეხვედრა როგორც რაგბის კავშირთან, ასევე დიდი 10-ის მწვრთნელებთან. ასეთი შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაცია არ უნდა დარჩეს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში, ის მთელს ვერტიკალზე უნდა იშლებოდეს, როგორც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების, ასევე დიდი 10-ის დონეზე. მსოფლიო თასამდე ვეცდები სრულად მოხდეს სიახლეებისა და ტრენდების ინტეგრაცია ქართულ რაგბში, რაც განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

RUGBY.GE

0.115193