ფეხბურთი

21:23 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მონღოლეთის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენთვის ასეთი მატჩების ჩატარება აუცილებელია"

მონღოლეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:6) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში და განვითარება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ იაპონიასთან 0:14 წავაგეთ და მაშინ მივხვდი, რომ აუცილებელი იყო მაღალი დონის გუნდებთან თამაში, თუ განვითარება გვინდა. მონღოლეთის ჩემპიონატი ფორმალურად პროფესიონალურია, მაგრამ ფეხბურთელების უმეტესობა რეალურად პროფესიონალი არ არის.

საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ, აქ თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. აუცილებლად გვჭირდება მომავალში მაღალი დონის გუნდებთან თამაში, რაც ფედერაციის პრეზიდენტსაც ვუთხარი. პირველ ტაიმში შედეგით და თამაშითაც კმაყოფილი ვიყავი. მეორე ტაიმში კი ფიზიკური კონდიციების ცუდი მდგომარეობის გამო გაგვიჭირდა. მონღოლეთში არსებული კლიმატიდან გამომდინარე 6 თვე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, ამიტომ, ფეხბურთელებმა ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლეს და ჯერ ფორმაში არ არიან.

ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, საკმაოდ გულდასაწყვეტი იყო მე-3 გოლის გაშვება, მეორე გოლიდან ერთ წუთში. დაგვაკლდა კონცენტრაცია და დისციპლინა.

ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დავიწყებთ თამაშს, სადაც მაღალი დონის გუნდებს შევხვდებით. იქ უმეტესწილად მეორე ნომრად თამაში მოგვიწევს და დღესაც ამ ტაქტიკით ვითამაშეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ მაღალი ფორვარდით გვეთამაშა, მაგრამ კონტრშეტევაზე ორი გოლი გავუშვით“, - თქვა ოცუკამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 28 მარტს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118065