სანდრო მამუკელაშვილმა „პელიკანსის“ წინააღმდეგ NBA-ის კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მატჩის შემდგომ კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვფიქრობ დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთამაშე გვაკლდა, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიყავით. ვიცით, რომ დანაკლისი გვაქვს, თუმცა ჩვენი თამაში და ერთმანეთის ნდობა უნდა განვაგრძოთ. როდესაც გულით თამაშობ, ყველაფერი შესაძლოა გამოვიდეს.
ლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა, ასე რომ, როდესაც შანსი გეძლევა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. ძირითად შემადგენლობაში თამაში მეორედ დავიწყე, რის გამოც საშუალება მქონდა, რომ თავისუფლად მეთამაშა, შეცდომებიც დამეშვა, თუმცა შემდეგ, ამ შეცდომებზე მესწავლა. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობით.
მწვრთნელი გვეუბნება, რომ ერთად განვაგრძოთ თამაში, ერთმანეთს ვენდოთ და ერთად ვიყოთ. ბოლო მატჩებია და გვსურს, რაც შეიძლება მეტად დავიხარჯოთ. დანარჩენს დრო აჩვენებს.
მილუოკი ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი. მათ მე დრაფტზე ამიყვანეს, ოცნება ამისრულეს და შესაძლებლობა მომცეს, რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშეების გვერდით მეთამაშა. უკან დაბრუნებას და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ბობი პორტისთან და ჯრუ ჰოლიდეისთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. მე წავედი, თუმცა მათ დღემდე ვეხმიანები.
იანის ანტეტოკუნმპოსთან შეხვედრას ძალიან ველი. მის წინააღმდეგ 1.5 წელი ვითამაშე და ვერ ვიტყვი, რომ კარგი შედეგი მქონდა, თუმცა მისგან ვისწავლე, თუ როგორ ვიყო მენტალურად უფრო ძლიერი, როდესაც საქმეები კარგად არ მიმდის. მის წინააღმდეგ თავის დაცვას ველოდები, რათა გავიგო ის, თუ რა ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ მისი ყველა ხრიკი ვიცი. ის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა რაღაცები ნამდვილად ვიცი მის შესაჩერებლად. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ მსურს მოედანზე გავიდე და რაც შეიძლება მეტად დავიხარჯო. როდესაც ლიგის საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ თამაშობ, პარკეტზე რაც შეიძლება მყარად უნდა იდგე.“ - განაცხადა მამუკელაშვილმა
სანდროს ბრწყინვალე თამაშზე კომენტარი მისმა თანაგუნდელმა, ტრე ჯონსმაც გააკეთა:
„სანდროს ჩვენთვის ძალიან ბევრი კარგი რამ მოაქვს. ის ყოველ შეხვედრაში იბრძვის, სწორად თამაშობს და რაც ყველაზე მთავარია, მას ეს მოსწონს“
23 წლის ქართველმა ფორვარდმა გრეგ პოპოვიჩის გუნდში მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში და მოედანზე გატარებულ 25:20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.