„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იურგენ კლოპზე ისაუბრა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მისი კარიერა გერმანელმა მწვრთნელმა და მასთან დიალოგმა შეცვალა.
„კლოპთან საუბარმა ჩემი კარიერა შეცვალა. „დორტმუნდში“ პირველ-ორ სეზონში უარყოფითი პერიოდი განვიცადე. ბევრი გოლი ვერ გამქონდა და არ მესმოდა მწვრთნელს ჩემგან რა უნდოდა. ამიტომ, ერთ-ერთი წაგების შემდეგ გადავწყვიტე მასთან გარკვევით დალაპარაკება და სასტუმროში შევხვდი.
შუაღამე იყო, მეგონა 10 წუთი ვისაუბრებდით და საათნახევარი ვილაპარაკეთ. ისე მესაუბრა, თითქოს მამაჩემი იყო, რომელიც 6 წლის ასაკში დავკარგე, იმ მომენტიდან ეს როლი ჩემს ცხოვრებაში არავის ჰქონია. სამი დღის შემდეგ „აუგსბურგთან“ ვითამაშეთ, 4:0 მოვიგეთ და ჰეთ-თრიქი შევასრულე. ეს გარდამტეხი იყო. უფრო თავისუფლად თამაში დავიწყე. მადლობა უნდა გადავუხადო კლოპს იმისთვის, რაც მომცა“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში“ 2010-2014 წლებში თამაშობდა. მან გერმანულ გუნდში 187 შეხვედრაში 103 გოლის გატანა მოახერხა.