„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი შემტევი დიეგო მარადონას კიდევ ერთხელ შეადარა. როგორც მან თქვა, ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ „ნაპოლისთვის“ კვარაცხელია ახალი მარადონაა.
„ფეხბურთი წლების განმავლობაში შეიცვალა, ადრე ნელი და ტექნიკური იყო, ახლა სწრაფი და ფიზიკურია, ასევე არსებობს ახალი ტექნოლოგიები. მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, მაგრამ კვარაცხელია აღმაფრთოვანებს და ბევრ რამეში მაგონებს „ელ პიბეს“, თავისი მოძრაობებით. რა თქმა უნდა, მარადონას შემდეგ ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც „ნაპოლის“ ჰყოლია“, - თქვა კალაიომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა, 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.