NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ესტუმრა და 105:111 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე თითქმის 15 წუთი გაატარა.
თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, ბითაძემ მოედანზე 14:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მატჩი კი 1 ჯარიმით დაასრულა.
პირველი ტაიმის ერთ მონაკვეთში კალიფორნიელებს 16 ქულიანი უპირატესობაც კი ჰქონდათ, თუმცა ორლანდომ შეძლო და თამაშში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ წინ აღარ გასულა, ერთ მომენტში ანგარიში თანაბარიც კი იყო. საბოლოოდ, შეხვედრა მაინც უკეთესი გუნდის, „ლეიკერსის“ გამარჯვებით - 111:105 დასრულდა.
ლოს ანჯელესელთა შემადგენლობაში შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ოსტინ რივსს, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო. ორლანდოს შემადგენლობაში 21-21 ქულით დაასრულეს მატჩი პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა.
ამ მარცხის შემდგომ, „ორლანდო მეჯიქს“ მოგება-წაგების მაჩვენებელი 29:43-ზე გაუხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 22 მარტს, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
რაც შეეხება „ლეიკერსს“, ეს მათი 35-ე გამარჯვება იყო, რითაც გუნდი პლეი ინის ზონას მიუახლოვდა. კალიფორნიელები შემდეგ შეხვედრას 23 მარტს, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავენ.