რაგბი

0:54 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშების ფინალში პორტუგალია დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.

შეხვედრა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართა. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაგბი ევროპას ტურნირი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდა და შესაბამისად, „ბორჯღალოსნებმაც“ ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშეს, რომელიც დამაჯერებლად 38:11 მოიგეს.

არადა, პირველი ტაიმი ძალზე დაძაბული იყო, თანაბარი თამაშიც გამოვიდა. მე-7 წუთზე ანგარიში ლუზიტანელებმა გახსნეს, მაგრამ საქართველომ მალევე უპასუხა. ზოგადად, შესვენებამდე ლევან მაისაშვილის გუნდის ორივე ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა, საიდანაც თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახა. პორტუგალია თავის მხრივ ერთი ლელოთი და ორი ჯარიმით გამოირჩა. შედეგად, შესვენებაზე უპირატესობა მხოლოდ 1 ქულა იყო.

გეტყვით, რომ ტაბუცაძის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 28 ლელო დაგროვდა და ამ შედეგით უკვე თანარეკორდსმენ მამუკა გორგოძეს გაუთანაბრდა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მხოლოდ საქართველოს ნაკრები აგროვებდა ქულებს და უპირატესობა სოლიდური გახადა. მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება შალვა მამუკაშვილმა, გურამ პაპიძემ, დემე თაფლაძემ და გიორგი ჭყოიძემ მოახერხეს, ხოლო გარდასახვები ერთხელ აბჟანდაძემ და ორჯერ ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულეს. შედეგად შეხვედრა 27-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, ამ სხვაობას პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა.

ეს იყო საქართველოს ნაკრების საიუბილეო, მე-100 გამარჯვება კონკრეტულად რაგბი ევროპის ტურნირზე. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპაზე ჩემპიონობა ზედიზედ მეექვსედ, ისტორიაში კი მე-15 მოახერხეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის გუბდმა 2000 წელს პირველი შერხვედრა ერთა თასზე სწორედ პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და იმ შეხვედრაშიც გამარჯვება მოიპოვა. საერთოდ კი დღევანდელ მეტოქესთან მატჩს 17 თამაშიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, რომელიც კვლავ გაიზარდა. სულ კი "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას 25-ედ შეხვდნენ, რომელთაგანაც 18 მოიგეს, 3-ჯერ ფრე ითამაშეს და 4-ჯერ დამარცხდნენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ფინალში გამარჯვებით ზედიზედ 29 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და 2012-2017 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-13-ედ მოიგო სანდრო თოდუამ, რომელიც ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენია. თოდუას შემდეგ კი ფინალური მატჩის განაცხადში მყოფი მორაგბეებიდან თასი 12-ჯერ შემართა შალვა მამუკაშვილმა, ხოლო კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჩემპიონობა მე-11-ედ იზეიმა და ამ მხრივ დავით კაჭარავას გაუთანაბრდა.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავიდა.

საქართველო - პორტუგალია 38:11 (12:11)

ქულები: 0:5 აპლეტონი (7), 5:5 ტაბუცაძე (14), 7:5 აბჟანდაძე (16), 12:5 ტაბუცაძე (25), 12:8 ბენტო (29), 12:11 ბენტო (32), 17:11 მამუკაშვილი (43), 22:11 პაპიძე (63), 24:11 აბჟანდაძე (64), 29:11 ტაფლაძე (70), 31:11 მაკტავა (71), 36:11 ჭყოიძე (77), 38:11 მატკავა (78)

0.112832