ფეხბურთი

19:32 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ჩემპიონთა ლიგა სერია A არ არის, ამბიცია არ გვაკლია, "მილანი" ვართ!"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ის საკმაოდ თავდაჯერებულია და ამბობს, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში უკეთესია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია.

გარდა ამისა, პიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შედარებაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:

„ვარჯიშზე გავიგეთ წილისყრის შედეგი. ნებისმიერი მეტოქე ძალიან რთული იქნებოდა, ჩვენთვის მოტივაციის მომცემი. მეოთხედფინალში ვართ, „მილანი“ ვართ და გვინდა წინ ვიაროთ. „ნაპოლი“ ძლიერია, სერია A-ში ჩვენზე უკეთ თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და „მილანი“ „მილანია“.

მეოთხედფინალში დამსახურებულად ვართ, მოტივაცია და ამბიციები არ გვაკლია, გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. სპალეტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, შესანიშნავი მწვრთნელია. სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავება აშკარაა, მაგრამ ჯერ ჩემპიონატის მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ნეაპოლში უკვე ზეიმობენ? თუმცა, მე მირჩევნია თამაშის შემდეგ ვიზეიმო, ვიდრე მანამდე.

ლეაუ უკეთესია თუ კვარაცხელია? ძნელი სათქმელია, მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. სერია A-ს პირველ წრეში ჩვენ ლეაუ არ გვყავდა, მათ - ოსიმენი. ახლა კი კარგი მატჩები იქნება“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ 2 აპრილს, სერია A-შიც შეხვდებიან. შემდეგ კი, 12 აპრილს ("სან სიროზე) და 18 აპრილს ("სტადიო მარადონაზე") ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ, თითქმის ორ კვირაში ისინი სამჯერ დაუპირისპირდებიან. აქვე გავიხსენოთ, რომ ნეაპოლელებმა მიმდინარე სეზონში „როსონერის“ გასვლაზე 2:1 მოუგეს.

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 11-წლიანი პაუზის შემდეგ თამაშობს, „ნაპოლი“ კი ისტორიაში პირველად.

0.127547