ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეოთხედფინალისტთა ვინაობა ევროპა ლიგაზეც გაირკვა, სადაც თითქმის ყველა ფავორიტმა მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბეტისთან“ ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყვიტა, რომელიც 4:1 დაამარცხა, მაგრამ არც სტუმრად მოდუნებულა და მარკუს რაშფორდის გოლით სევილიაშიც მოიგო. შედეგად, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:1 იმარჯვა და მეოთხედფინალშია.
თუმცა, ფავორიტებს შორის გამონაკლისი „არსენალია“, პრემიერლიგის ლიდერი, რომელიც გავარდა. მიკელ არტეტას გუნდმა ლისაბონის „სპორტინგის“ ბარიერი ვერ გადალახა.
პორტუგალიაში ფრე 2:2 დაფიქსირდა, ინგლისში - 1:1. გრანიტ ჯაკას გოლით „მეთოფეებმა“ ტაიმი მოიგეს, მაგრამ 62-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გონსალვეშმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და გაათანაბრა. პორტუგალიელებმა ეს შედეგი 120-ე წუთამდე შეინარჩუნეს. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც მეკარე ადანიმ გაბრიელ მარტინელის აჯობა და „სპორტინგმა“ სერია 5:3 მოიგო, შედეგად მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის გმირი უდავოდ ადანი იყო, რომელმაც არამარტო გადამწყვეტი პენალტი მოიგერია, არამედ დამატებით დროში ორჯერ სასწაულებრივ იხსნა თავისი გუნდი გოლისგან.
„ბეტისი“ თუ გავარდა, სამაგიეროდ, საყვარელი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს „სევილია“, რომელიც სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ შინ 2:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებაც ესპანურ გუნდს დარჩა.
„იუვენტუსმა“ გერმანულ „ფრაიბურგს“ სძლია. ტურინში „იუვემ“ ანხელ დი მარიას გოლით 1:0 იმარჯვა, ხოლო გერმანიაში არგენტინელის გარეშე ითამაშა, თუმცა მეტოქეს ორი უპასუხო გოლიც მიანც გაუტანა. პირველ ტაიმში დუშან ვლაჰოვიჩმა გამოიჩინა თავი, მატჩის მიწურულს კი ფედერიკო კიეზამ. ორი მატჩის ჯამში ტურინელებმა 3:0 მოიგეს.
კიდევ ერთი იტალიურ გუნდს ვიხილავთ მეოთხედფინალში - „რომას“. ჟოზე მოურინიოს გუნდმა სან სებასტიანში „სოსიედადთან“ სასურველი უგოლო ფრე დააფიქსირა, რომში 2:0 ემარჯვა და ბუნებრივია, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
„ფრაიბურგის“ დარად გავარდა კიდევ ერთი გერმანული გუნდი „უნიონ ბერლინი“, რომელიც ბელგიურ „უნიონ სან-ჟილუასთან“ სტუმრად 0:3 უშანსოდ დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 3:6 წააგო.
პრობლემები არ ჰქონია „ლევერკუზენს“, რომელმაც უნგრული „ფერენცვაროში“ შინაც და სტუმრადაც ერთნაირად 2:0 დაამარცხა. „ბაიერი“ ევროპა ლიგაზე გერმანიის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.
როტერდამის „ფეიენოორდმა“ დონეცკის „შახტარი“ 7:1 გააცამტვერა. პირველი მატჩი 1:1 დასრულებულიყო და ბუნებრივია, ნიდერლანდელები მომდევნო ეტაპზე არიან. „შახტარში“ არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც საერთოდ არ შეიყვანეს ევროპა ლიგის განაცხადში.
ამრიგად, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ „უნიონ სან-ჟილუა“, „ლევერკუზენი“, „იუვენტუსი“, „რომა“, „მანჩესტერი“, „სევილია“, „ფეიენოორდი“ და "სპორტინგი". წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება. მეოთხედფინალიდან შეზღუდვები არ არის, ნებისმიერ გუნდს შეიძლება ნებისმიერთან თამაში მოუწიოს.
„ფერენცვაროში“ – „ლევერკუზენი“ 0:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 0:4
გოლები: 0:1 დიაბი (3), 0:2 ადლი (81)
„სოსიედადი“ – „რომა“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:2
„უნიონ სან-ჟილუა“ – „უნიონ ბერლინი“ 3:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:3
გოლები: 1:0 ტეუმა (18), 2:0 ამანი (63), 3:0 ლაპუსინი (90)
„ბეტისი“ – „მანჩესტერი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:5
გოლი: 0:1 რაშფორდი (56)
„ფენერბაჰჩე“ – „სევილია“ 1:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:2
გოლი: 1:0 ვალენსია (41)
„ფეიენოორდი“ – „შახტარი“ 7:1 (3:0) - ორი მატჩის ჯამში: 8:2
გოლები: 1:0 ხიმენესი (9), 2:0 კოკჩუ (24), 3:0 კოკჩუ (38), 4:0 იდრისი (49), 5:0 იდრისი (60), 6:0 ჯახანბახში (64), 7:0 დანილო (67), 7:1 კესლი (87)
„ფრაიბურგი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 0:3
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (45, პენ), 0:2 კიეზა (90)
„არსენალი“ – „სპორტინგი“ 1:1 პენ: 3:5 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:3
გოლები: 1:0 ჯაკა (19), 1:1 გონსალვეში (62)