ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცეს თუ არა „ნაპოლის“ 10-ნომრიანი მაისური, ბოლო დღეებია აქტუალური საკითხია. ამჯერად, ამ თემაზე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯანფრანკო ძოლამ ისაუბრა, რომელიც დიეგო მარადონას თანაგუნდელი იყო.
„რთული შეკითხვაა. დიეგო ისევ ცოცხალი რომ ყოფილიყო, მართებული იქნებოდა, მისთვის მეკითხა და დარწმუნებული ვარ, ის იტყოდა, რომ აუცილებლად მივცემდიო. სამწუხაროდ, მარადონა ჩვენთან ერთად აღარ არის და ამიტომ, ყველაფერი რთულდება“, - თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონას პატივსაცემად „ნაპოლიში“ 10-ნომრიანი მაისური დიდი ხანია ხმარებიდან ამოღებულია. თუმცა, „ატალანტასთან“ გატანილი საოცარი გოლის შემდეგ ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კვარაცხელია ნეაპოლელთა 10-ნომრიან მაისურს იმსახურებს.